არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს
არჩილ თალაკვაძე ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს.

როგორც თალაკვაძემ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჟურნალისტებს განუცხადა, ილია მეორემ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა.

„დღეს სვეტიცხოველში საქართველოს პატრიარქი ჩაატარებს საზეიმო წირვას. მისი აღსაყდრებიდან 42 წელი გავიდა, დიდი ღვაწლი, სამსახური ერისა და ღვთის წინაშე სახეზეა, ეკლესია-მონასტრების აღდგენა, რწმენაში დაბრუნება, ქართული ტრადიციებისა და კულტურის მხარდაჭერა, უძველესი ქართული საგალობლების აღდგენა. ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულის დაბრუნება საქართველოში და სხვა ბევრი საქმე, რაც ამ 42 წლის განმავლობაში საქართველოს პატრიარქმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და თავისი ხალხისთვის. მინდა, მივულოცო მას, ვუსურვო დღეგრძელობა და მთელ ქვეყანას მინდა, მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს აღსაყდრებიდან 42 წელი შესრულდა.

სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ამ თარიღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება. წირვას კათოლიკოს-პატრიარქი მოსაყდრესთან და სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს.

სწორედ სვეტიცხოვლის ტაძარში მოხდა მაშინდელი ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიად კურთხევა, 1977 წლის 25 დეკემბერს.

ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე ფარული კენჭისყრით აირჩიეს. საპატრიარქო ტახტზე ის 44 წლის ასაკში ავიდა.