არჩილ თალაკვაძე - გვაქვს მოლოდინი, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ყველა კითხვა იქნება მოხსნილი
გვაქვს მოლოდინი, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორისმ, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე ყველა კითხვა იქნება მოხსნილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ია კერზაიას საქმეს პარლამენტმა სპეციალური სესია, საკომიტეტო მოსმენა დაუთმო, სადაც ყველა მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა.
„გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა ია კერზაიას გარდაცვალების საქმეს საფუძვლიანად გამოიძიებს და ყველა კითხვა იქნება მოხსნილი. პარლამენტმა სპეციალური სესია, საკომიტეტო მოსმენა დაუთმო ამ საკითხს და საქმის გარშემო ყველა მნიშვნელოვანი კითხვა დაისვა. ვფიქრობ, პარლამენტის ყურადღება ამ საქმეზე ნამდვილად არის და მივედით იქამდე, რომ პროკურატურა ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
გენერალური პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ვიდრე ია კერზაიას გარდაცვალების მიზეზად დანაშაულებრივი ქმედება არ გამოიკვეთება, გამოძიება მოკლებულია შესაძლებლობას, მისი რომელიმე ახლო ნათესავი ცნოს დაზარალებულად.
ზუგდიდის N6 საჯარო სკოლაში ჩატარებულ ინსპექტირებასთან დაკავშირებით გამოძიება უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
ზუგდიდის მე-6 სკოლაში ინსპექტირება მოქალაქის წერილის საფუძველზე გასული წლის ნოემბერში ჩატარდა. დეკემბერში კი, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა სკოლის დირექტორი ია კერზაია.