არჩილ თალაკვაძე - გურამ როგავა დღეს მოწოდების სიმაღლეზე იდგა, მოახერხა, მოვლენები ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით გაეშუქებინა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, მადლობა გადაუხადა მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე მთელი დღის განმავლობაში მუშაობდნენ.
„მადლობა ყველას თანაბრად ეკუთვნის, მაგრამ არ შემიძლია, არ ვთქვა პირველი არხის ჟურნალისტის, გურამ როგავას შესახებ, რომელიც დღეს მოწოდების სიმაღლეზე იდგა. მან მოახერხა, ჟურნალისტური სტანდარტის დაცვით მოვლენებიც გაეშუქებინა და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაც დაეცვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დასრულდა სპეცოპერაცია, რომელიც გვიან ღამიდან მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი დაიღუპა. დაჭრილია სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ დროისთვის, სტაბილურია.
დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია.
სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულებისთვის მუშაობს ცხელი ხაზი – 2 375029, 599 537040, 2 722222.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს, გვიან ღამით დაიწყო. ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა.
დაახლოებით, 04:00 საათზე სამართალდამცავებმა მოქალაქეებს სთხოვეს, ის კორპუსი დაეტოვებინათ, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციას მიმდებარე ტერიტორია ყვითელი ლენტით ჰქონდა შემოსაზღვრული და იქ შესვლის უფლებას არავის აძლევდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა.