არჩილ თალაკვაძე გიორგი ვაშაძეს - დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა
მითხარით ერთი განვითარებული, დემოკრატიული ქვეყანა, სადაც იმ ქვეყნის პოლიტიკოსები, პოლიციელების ეფექტიანი მუშაობის და პოლიციის საქმიანობის შემასუსტებელ ინიციატივებს აყენებენ. ვერ ნახავთ ასეთ სახელმწიფოს დასავლურ დემოკრატიულ სამყაროში, – ასე მიმართა ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს ბიუროს სხდომაზე.
არჩილ თალაკვაძემ „სტრატეგია-აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივა გააკრიტიკა.
„ჩემთვის საოცარია, რომ პოლიციის დღეს ოპოზიციის წარმომადგენელი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ასე ულოცავს და ასე შეხვდა პოლიციის დღეს, რომ პირდაპირ ინიციატივა შემოაქვს და დაჩქარებული წესით ითხოვს განხილვას. თურმე უნდა შევარბილოთ სანქციები იმაზე, რასაც აქ თვეების განმავლობაში ვხედავდით, რომ თქვენი ოპოზიციონერი კოლეგები ხან შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ მოვლენებზე, რომ საათების განმავლობაში ფიზიკური შეტევა ხორციელდებოდა პოლიციელებზე. ხალხი ნუ შეგყავთ შეცდომაში. არავითარი სამოქალაქო უფლებების გაუმჯობესება არ არის თქვენი ინიციატივა, სამოქალაქო უფლებების მშვიდობიანი პროტესტით იმ ადამიანებს, ვინც კანონის დაცვით მანიფესტაციას ატარებს, არაფერს არ უზღუდავს ეს საკანონმდებლო ნორმები. მინდა გითხრათ, რომ თვითონ დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, რომ სცოდნოდა თქვენი ინიციატივის შესახებ“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივა წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქებას და ძველი ნორმების უკან დაბრუნებას ითვალისწინებს. გიორგი ვაშაძემ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვა.