არჩილ თალაკვაძე - გიორგი ვაშაძე პარლამენტში იშვიათად მოდის, სხდომებში ბოლომდე არასდროს მონაწილეობს, პარლამენტი და ანაზღაურება აუტანლად თუ მიაჩნია, შეუძლია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს
გიორგი ვაშაძისთვის აუტანელი რა არის, გაუგებარია, რადგან პარლამენტში იშვიათად მოდის და სხდომებში ბოლომდე არასოდეს მონაწილეობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის დატოვებაზე გიორგი ვაშაძის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, გიორგი ვაშაძე გაერთიანებულია იმ პოლიტიკოსებთან, რომლებსაც რუსეთი ხელფასს უხდის.
„გიორგი ვაშაძის განცხადება ღიმილისმომგვრელი იქნებოდა, რომ არა, შეურაცხყოფა. ამ ადამიანისთვის აუტანელი რა არის, გაუგებარია, რადგან პარლამენტში იშვიათად მოდის და სხდომებში ბოლომდე არასოდეს მონაწილეობს. თუ პარლამენტი და ის ანაზღაურება აუტანლად მიაჩნია, რომელსაც მოქალაქეები პარლამენტში მუშაობისთვის უხდიან, შეუძლია, შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. განცხადებების კეთებას ეს სჯობს. ასეთი განცხადების გაკეთება იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ერთიანდება და ჩნდება რუსეთის მხრიდან დაფინანსებული პოლიტიკოსების გვერდით, რომლებიც რუსეთის ფედერაციიდან პირდაპირ ხელფასს იღებენ, ცინიკური და პირდაპირი სიცრუე, მოქალაქეებისთვის თვალებში ნაცრის შეყრაა. გიორგი ვაშაძე გაერთიანებულია იმ პოლიტიკოსებთან, ვისაც რუსეთი ხელფასს უხდის. ეს საკითხი რომ მიაჩუმათა და მისი მხრიდან ნულოვანი რეაქცია იყო, არ ნიშნავს, რომ საკითხი არ არსებობს ბუნებაში. რუსეთუმეები თავის გვერდით და პოლიტიკურ გაერთიანებაში მოიკითხოს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად არის პარლამენტის დასატოვებლად. ვაშაძის თქმით, პარტიაში აღნიშნულ სცენარს განიხილავენ, რადგან როგორც აცხადებს, „აუტანელია ერთ გარემოში პრორუსებთან ყოფნა“.