არჩილ თალაკვაძე - განათლება არის ყველაზე საიმედო ინვესტიცია, რომელიც შვილებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ქვეყნის მომავალთან აკავშირებს
განათლება არის ყველაზე საიმედო ინვესტიცია, რომელიც შვილებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ჩვენი ქვეყნის მომავალთან აკავშირებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მთავრობის ახალი ინიციატივის „განათლება-გზა თავისუფლებისკენ“ შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, განათლების წარმატებული სისტემა ეროვნული იდეაა. დაფინანსების უპრეცედენტო ზრდისა და სწორი მენეჯმენტის პირობებში კი, აღნიშნული მიზანი რეალურია.
„განათლების რეფორმა ეხება ყველა თაობის ადამიანების კეთილდღეობას, მათ, ვინც სწავლობს და მათაც, ვინც ასწავლის.
მთავრობის, პარლამენტის, პრეზიდენტის და მთელი საზოგადოების გაერთიანება ამ იდეის გარშემო წარმატებისთვის გადამწყვეტი იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.