არჩილ თალაკვაძე - „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევაში ტროლებსა და დეზინფორმაციაზე შეფასება რეალურ საფუძველს მოკლებულია
ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტის კვლევა, ანგარიშები და შეფასებები ჩვენთვის არის საინტერესო, ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვეცნობით ამ ანგარიშებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, კვლევაში ტროლებსა და დეზინფორმაციაზე შეფასება გადამეტებულია და ნაწილობრივ რეალურ საფუძველსაა მოკლებული.
„დეზინფორმაცია ჩვენს ქვეყანაში ხშირად სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენება. ვფიქრობ, თემატური მოკვლევა, რომელსაც პარლამენტი ამ მიმართულებით აკეთებს, ძალიან მნიშვნელოვან შეფასებებს მიაწვდის საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
„ფრიდომ ჰაუსმა“ გუშინ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა.
„ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება დაცული იყო.
„საანგარიშო პერიოდში ხელისუფლება ძირითადად პატივს სცემდა და იცავდა ციფრულ უფლებებს. ამავე პერიოდში ამოქმედდა ახალი კონსტიტუცია, რომელიც ინტერნეტთან წვდომის გარანტიას იძლევა. მიუხედავად ამისა, ინტერნეტის თავისუფლებას რამდენიმე მიმართულებით მაინც ემუქრებოდა საფრთხე. წვდომა გაიზარდა, თუმცა ზრდა სუსტი იყო. ტროლინგი, განსაკუთრებით მთავრობასთან დაკავშირებული ბოტების მხრიდან, 2018 წლის ივნისში და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა. გარდა ამისა, ინტერნეტის ლანდშაფტს ასევე აზიანებს დევნისა და ზემოქმედების ხმაურიანი შემთხვევები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა საანგარიშო პერიოდში“, – ნათქვამია ანგარიშში.