არჩილ თალაკვაძე - საქართველო თავის მხარეს არ დატოვებს არცერთ მიზეზს, რის გამოც ევროპამ შეიძლება, თავი შეიკავოს მხარდაჭერისგან
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიას სრულად გამოვიყენებთ, რათა საქართველოს ინტერესები კიდევ მეტად იყოს დაცული და პარტნიორებს ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ. დანარჩენი უკვე მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, დელეგაციის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამართლიანი შეფასების კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასების შემთხვევაში, საქართველო იმსახურებს ევროპის მხრიდან დადებით გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
„საქართველოს დელეგაციის ვიზიტი პოზიტიურად მიმდინარეობს. გუშინ იყო პირველი დღე, როცა მოვისმინეთ ლიდერების მიმართვები, გვქონდა კოლეგებთან შეხვედრები. ორი დღის განმავლობაში გვექნება მნიშვნელოვანი შეხვედრები მონიტორინგის წევრებთან, ვისთანაც გავცვლით ინფორმაციას ყველა იმ საკითხზე, რაც პარტნიორებს აინტერესებთ. ბუნებრივია, გასაკვირი არ არის, რომ აქ არის ის საკითხები, რასაც ოპოზიცია მწვავედ აყენებს და ყველა ასეთ საკითხზე გვაქვს საქმიანი არგუმენტები და ინფორმაცია. ამ სესიას სრულად გამოვიყენებთ, რათა საქართველოს ინტერესები კიდევ მეტად იყოს დაცული და პარტნიორებს საქართველოზე ამომწურავი ინფორმაცია ჰქონდეთ. დანარჩენი უკვე მათი პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია.
ბუნებრივია, საქართველო თავის მხარეს არ დატოვებს არცერთ მიზეზს, რის გამოც ევროპამ შეიძლება, თავი შეიკავოს საქართველოს მხარდასაჭერად. თუ იქნება სამართლიანი შეფასების კრიტერიუმებზე დაფუძნებული შეფასება, საქართველო დღესაც იმსახურებს ევროპის მხრიდან დადებით გადაწყვეტილებას. ევროპის საბჭოში ინფორმაციის გაზიარება, რაც ეხება საქართველოში დემოკრატიას და კანონის უზენაესობას, ჩვენთვის არის შესაძლებლობა და ამას მაქსიმალურად გამოვიყენებთ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.