არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭომ პოლიტიკურ ძალებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ითანამშრომლონ, პირველ რიგში, ადრესატია რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა სტატუსის მიღება დაბლოკოს
არჩილ თალაკვაძე - ევროსაბჭომ პოლიტიკურ ძალებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, ითანამშრომლონ, პირველ რიგში, ადრესატია რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა სტატუსის მიღება დაბლოკოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპის საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს, ითანამშრომლონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში.

თალაკვაძის თქმით, პირველ რიგში, მოწოდების ადრესატი არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ყველანაირად ხელს უშლის სამუშაო პროცესს.

„როგორც ევროკავშირი, ასევე ევროპის საბჭო უკვე პირდაპირ დადებითად აფასებს და აღიარებს ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, რეკომენდაციების შესრულების სამუშაოს. პროცესი მიდის იმ დღის წესრიგით, იმ გეგმით, როგორც ჩვენ დავაანონსეთ. რაც შეეხება რამდენიმე მნიშვნელოვან განცხადებას და დასკვნას, რომელიც ევროპის საბჭომ გააკეთა, აქ ჩვენ, როგორც ხელისუფლებას, გვაქვს ძალიან გულწრფელი და სამართლიანი პასუხები. პირველი, როდესაც საკითხი ეხება დეპოლარიზაციას, ევროპის საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიტიკურ ძალებს, ითანამშრომლონ რეკომენდაციების შესრულების პროცესში. უნდა გვესმოდეს, რომ ევროპის საბჭო ცალკე რადიკალურ ოპოზიციას ვერ მიმართავს და არ მიმართავს, ანუ, ასეთი პრაქტიკა არ არსებობს. შესაბამისად, მათ მიმართეს ყველა პოლიტიკურ ძალას. ბუნებრივია, პირველ რიგში, ამის ადრესატი არის რადიკალური ოპოზიცია, სახელიდანაც ჩანს, რომ ეს ადამიანები არათუ თანამშრომლობენ, არათუ ჩვენთან ერთ მაგიდასთან სხედან და განიხილავენ საქართველოს რეფორმებს ევროინტეგრაციისთვის, არამედ ყველანაირად ხელს უშლიან სამუშაო პროცესს, ნორმალურ პოლიტიკურ დისკუსიას, მეტიც, აკეთებენ ყველაფერს ქვეყნის გარეთ, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება დაბლოკონ. ბუნებრივია, ეს პოლარიზაციას ვერ შეამცირებს. პოლარიზაცია სინამდვილეში არის დაძაბულობა და კონფლიქტი პოლიტიკურ ძალებს შორის და ამ კონფლიქტს იწვევს ის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია ცილისწამებით, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკური სისტემისთვის ძირის გამოთხრით, იმით, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს ჩვენი ქვეყნის მიღწევებს. ანუ, მათ სინამდვილეში აქვთ ერთადერთი კანონი, რომელსაც აღიარებენ. მოკლე კანონი აქვთ, რომ რაც ჩვენი გაკეთებული არ არის, ყველაფერი ცუდია ან ჩვენი გაფუჭებულიც კარგია, მაგრამ სხვების გაკეთებული კარგი არის მიუღებელი, ცუდი. მხოლოდ ამ პრეზუმფციით ხელმძღვანელობს ეს რადიკალური ოპოზიცია და როგორ წარმოგიდგენიათ პოლარიზაციის შემცირება იმ ხალხთან, ვინც დარბაზში არ არის, არ ერთვება პოლიტიკურ დისკუსიაში, არ მონაწილეობს სამუშაო ჯგუფებში, რომლებიც ჩვენ შევქმენით და ყოველდღიურად არის დაკავებული ცილისწამებით, იმის დაბრალებით, რასაც სინამდვილეში თვითონ აკეთებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, რადგან მაინც ასეთი ოპოზიცია აირჩია საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, ჩვენ შევქმენით ფორმატები, სამუშაო ჯგუფი და მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ამაში ჩართულიყვნენ. ვფიქრობ, ზუსტად ამას გულისხმობს ევროპის საბჭო, როდესაც ამბობს და მოუწოდებს პარტიებს, რომ დასხედით და ერთად იმუშავეთ რეკომენდაციების შესრულებისთვისო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.