არჩილ თალაკვაძე - ევრორეკომენდაციების შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ანტიკორუფციული ბიურო, მექანიზმი არსებობს, მუშაობს და უახლოეს მომავალში მისი გადახედვა არ იგეგმება
ევრორეკომენდაციების შესაბამისად, ჩამოვაყალიბეთ ძლიერი ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც არის ძალიან აქტიური, თანამშრომლობაზე, კონსულტაციებზე, მონიტორინგზე ორიენტირებული. ის აქტიურად შეუდგა საქმიანობას, რასაც ანგარიშიც ადასტურებს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ხელშესახები გაუმჯობესება აქვს ყველა საერთაშორისო ანტიკორუფციულ რეიტინგში.
„საქართველოს ხელშესახები გაუმჯობესება აქვს ყველა საერთაშორისო ანტიკორუფციულ რეიტინგში, ასევე შიდა კვლევებშიც ჩანს, რომ საზოგადოება ხედავს ამ ძალისხმევას. კორუფციასთან ბრძოლა არის მუდმივი პროცესი, არავის შეუძლია, თქვას, რომ ეს ბრძოლა დასრულდა. ამას სჭირდება მუდმივი ძალისხმევა. რა თქმა უნდა, ანტიკორუფციული მიმართულებით აღმასრულებელ ხელისუფლებას, ანტიკორუფციულ ბიუროს ყველა სამსახურს პარლამენტის მხრიდან ძლიერი საკანონმდებლო მხარდაჭერა აქვს. მინდა, ჩვენს კოლეგებს წარმატებები ვუსურვო. ეს არა მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების აღქმებს, არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგებს, არამედ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობას, საინვესტიციო გარემოს და ეკონომიკურ ზრდასაც უკავშირდება. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით შემდგომი პროგრესი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან მედიის წარმომადგენელმა თალაკვაძეს მიმართა, „ვენეციის კომისიას ბევრი კითხვა აქვს. ამბობენ, რომ საკმარისი არ არის, რა ფორმითაც არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, უნდა აირჩეს მრავალპარტიულად. კითხვის ნიშნები აქვთ იმაზე, რომ პრემიერი ნიშნავს მის ხელმძღვანელს და ბერკეტი აქვს, გაათავისუფლოს მისი ხელმძღვანელი“, ანტიკორუფციულ ბიუროს არ აქვს საგამოძიებო ფუნქცია, მზად ხართ თუ არა, ამ მიმართულებით გაატაროთ რეფორმები, რაზეც თალაკვაძემ აღნიშნა:
„უტრირებულია ასეთი ინტერპრეტაცია, რომ მრავალი კითხვა არის. არ არის მრავალი კითხვა, არის ერთი რეკომენდაცია, რომელიც ხელმძღვანელის დანიშვნას უკავშირდება. ამ კუთხით საქართველოს აქვს იგივე პრაქტიკა, რაც აპრობირებულია ევროკავშირის მასშტაბით. არის სხვადასხვა მოდელი, მაგრამ დღევანდელ ანგარიშშიც გამოჩნდა, რისი გაკეთება შეუძლია და რას აკეთებს ანტიკორუფციული ბიურო. ეს არის ამ სამსახურის საქმიანი პასუხი კრიტიკაზე თუ რეკომენდაციებზე. რა თქმა უნდა, ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს, რომელია უკეთესი მოდელი, მათ აქვთ ერთადერთი ინტერესი, როგორმე ხელისუფლებაზე მიიღონ ბერკეტები დაუმსახურებლად, დაბლოკონ პროცესი და ამით ხელი შეუშალონ ხელისუფლებას საქმიანობაში. ეს გამოჩნდა არჩევნების დროსაც, ეს გამოჩნდა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაში, ევრორეკომენდაციების შესრულებაში, როცა კანდიდატის სტატუსს ბლოკავდნენ. ახლაც იგივე მიდგომა აქვთ საქმესთან. არჩევნებს როდესაც აგებენ, უნდათ, რომ საარჩევნო ყუთის გვერდის გავლით როგორმე მოიპოვონ გავლენები ხელისუფლებაზე. სინამდვილეში, ოპოზიცია თანამშრომლობაზე რომ ყოფილიყო ორიენტირებული, რა თქმა უნდა, არც ეს რეკომენდაცია იქნებოდა. მათ უნდა იცოდნენ, რომ შერჩევის პროცესი იყო გამჭვირვალე, საქმიანობა არის გამჭვირვალე და დღევანდელმა ანგარიშმა ეს დაადასტურა. ჩვენ უკვე შევქმენით ეს სამსახური, მექანიზმი არსებობს, ის მუშაობს, ასე რომ, უახლოეს მომავალში მისი გადახედვა არ იგეგმება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ