არჩილ თალაკვაძე - „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება წარსულში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებების სტილს მაგონებს
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიებისადმი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზება წარსულში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებების სტილს ახსენებს, როცა ისინი წინასწარ საზღვრავდნენ იმას, რაც მოქალაქეებს უნდა განესაზღვრათ.
მისი თქმით, ეს არის ერთი პარტიის მიერ სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის საკუთარი დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა.
„ალბათ, ეს არის ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან დანარჩენი ოპოზიციისთვის თავისი მოსაზრების, თუ დღის წესრიგის თავს მოხვევის მცდელობა. აშკარად, ქრონოლოგიურად ეს მოწოდება წინ უსწრებს მოვლენებს, რომელიც რეფორმითა და კანონმდებლობით იქნება უზრუნველყოფილი. კოალიციის შექმნის თემა განხილული და გადაწყვეტილი უნდა იყოს არჩევნების შედეგების გათვალისწინებით და არა არჩევნებამდე ერთი წლით ადრე. ეს წარსულში სხვადასხვა პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებების სტილს მაგონებს, როცა ისინი წინასწარ ცდილობდნენ განესაზღვრათ ის, რაც რეალურად მოქალაქეებმა უნდა განსაზღვრონ და არა პოლიტიკური პარტიის ცალკეულმა ლიდერებმა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საზოგადოების დაკვეთა პროპორციული არჩევნების ჩატარება, რომლის შედეგად გადაწყვეტენ პარტიები როგორ დაკომპლექტდება მთავრობა.
„მოქალაქეების დაკვეთაა, პროპორციული არჩევნები ჩატარდეს და ამის შემდეგ პარტიებმა გადაწყვიტონ, რა კოალიცია შექმნან და როგორ დააკომპლექტონ მთავრობა და არა ის, რომ პოლიტიკური ძალის რომელიმე ერთმა ლიდერმა, ეს იქნება უგულავა თუ სხვა, წინასწარ გადაწყვიტონ, რა გადაწვეტილებას მიიღებს საზოგადოება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებენ, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა დღეს გიგი უგულავამ.