არჩილ თალაკვაძე - „ევროპული საქართველოს“ შეფასებები საგამოძიებო კომისიის მანდატს სცდება, ამიტომაც მათ მოთხოვნებს არ ვიზიარებთ
საპარლამენტო უმრავლესობა ხორავას ქუჩის საქმეზე საკუთარ დასკვნას დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე წარადგენს.
როგორც ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, უმრავლესობის დასკვნაში მოცემულია საგამოძიებო პროცესში დაშვებული ხარვეზები, საუბარია მართვის პრობლემებსა და ვადის შეზღუდვებზე, რამაც საბოლოო ჯამში, მტკიცებულებების ხარისხზე გავლენა იქონია.
„ასევე, შეფასებული გვაქვს, იყო თუ არა უწყებრივი ან პოლიტიკური ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ და დავადგინეთ, რომ
ასეთი არ ყოფილა. ამასთან, მკაცრი რეკომენდაციები გვაქვს, თუ რა უნდა გაკეთდეს საკანონმდებლო თვალსაზრისით შსს-ში, პროკურატურასა და საგანმანათლებლო სისტემაში, რომ მომავალში რისკები და საფრთხეები მეტად იყოს დაზღვეული. საქმის საგამოძიებო პროცესში იყო კომუნიკაციის პრობლემაც, როგორც დაზარალებულთან, ასევე საზოგადოებასთან, რაც არის გაკვეთილი და, რომელიც მომავალში საგამოძიებო სტრუქტურებმა უნდა გაითვალისწინონ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, „ევროპული საქართველოს“ შეფასებები კომისიის მანდატს სცდება და სწორედ ამის გამო არ იზიარებენ მას კომისიის წევრები საპარლამენტო უმრავლესობიდან.
„მთავარი არგუმენტი, რისთვისაც „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნებს არ ვიზიარებთ, არის ის, რომ მათი შეფასებები კომისიის მანდატს სცდება. რომელმა პოლიტიკოსმა
რა განცხადება გააკეთა, ეს არჩევნებმა უნდა შეაფასოს და არა საგამოძიებო კომისიამ. საგამოძიებო კომისიის შეფასების საგანი იყო, მოახდინა თუ არა რომელიმე პოლიტიკოსმა ჩარევა და ზეგავლენა გამოძიების პროცესზე და იყო თუ არა ღონისძიებები მიმართული მართლმსაჯულების წინააღმდეგ. თეა წულუკიანს სრულიად სასაცილო ამბავზე ედავებიან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.
დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმცირესობამ წარმოადგინა დოკუმენტი, რომელშიც საკმაოდ დიდი ნაწილი ვანო მერაბიშვილის ადვოკატირებას ეთმობა და საუბარია, რომ თანამდებობიდან უნდა გადადგეს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი, რადგან მან თქვა, რომ მოზარდებს მტკიცებულებების გარეშე ციხეში ვერ გაუშვებდა.
„ასევე საუბარია, რომ გიორგი გახარიამ უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ თითქოს, მისი განცხადების შემდეგ გამოძიება შეჩერდა მაშინ, როცა რეალურად, მისი განცხადების შემდეგ 490-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და დამატებით ერთი პირი იყო დაკავებული. ანგარიშში ასეთი პოლიტიკური მოთხოვნებია. კომისიაში ბოლომდე იმიტომ ვმუშაობდით, რომ ამ დიდ ტრაგედიაზე პოლიტიკისგან სრულიად დაცლილი, ობიექტური და მიუკერძოებელი დასკვნა გაგვეკეთებინა. ვიმედოვნებთ, შესაძლებელი იქნება შეჯერება რეკომენდაციებზე, რომელიც კომისიის შექმნის მიზანს ემსახურება. მტკიცებულებებისა და ფაქტების მოპოვებაზე ერთად ვიმუშავეთ, კომისიამ საკმაოდ დიდი სამუშაო გასწია. მიგვაჩნია, რომ შეფასებების დიდი ნაწილი “ევროპული საქართველოს” პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი და ამის თაობაზე მინისტრების მაგალითი მოვიყვანე“, – განაცხადა დეპუტატმა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საბოლოო დოკუმენტზე შეჯერება პლენარული სხდომის ფორმატში უნდა მოხდეს.
„ვხედავ რესურსს, რომ კომისიამ შეასრულოს ფუნქცია, რისთვისაც შეიქმნა“, – დასძინა თალაკვაძემ.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს 15:00 საათზე გაიმართება.
კომისიის გუშინდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს“ წევრების რეკომენდაციები განიხილეს, მათ შორის ერთ-ერთი რეკომენდაციაა ხორავას ქუჩაზე კონფლიქტის მონაწილე მ.კ-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება, შსს-ა და პროკურატურის დატოვება თანამდებობის იმ პირების მიერ, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ორი მოზარდის მკვლელობის გამოძიებასთან, ასევე, კომისიის რეკომენდაციაა იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.