ოთარ კახიძე შსს-სა და პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს, რამდენიმე პასუხისმგებელმა პირმა სამსახური დატოვოს
ოთარ კახიძე შსს-სა და პროკურატურას რეკომენდაციით მიმართავს, რამდენიმე პასუხისმგებელმა პირმა სამსახური დატოვოს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის „ევროპული საქართველოს“ წევრები ითხოვენ, შსს და პროკურატურა დატოვონ თანამდებობის იმ პირებმა, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ორი მოზარდის მკვლელობის გამოძიებასთან.

საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ოთარ კახიძემ დაასახელა ირაკლი ფიფია, ზვიად ფხაკაძე, იოსებ სიგუა, კახა სირაძე, შალვა ბედოიძე, გიორგი გაბოძე, მიხეილ შაყულაშვილი, მალხაზ კაპანაძე, კონსტანტინე სირაძე, გიორგი გაბიტაშვილი.

„საქმის მწარმოებელი გამომძიებელი ირაკლი ფიფია, რომლის ქმედებებშიც იკვეთება პასუხისმგებლობა დარღვევებისთვის და ეხება საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ა.ს-ს, მ.კ-ს დ.ღ-სთან, გ.ს-სთან მიმართებაში, თვითმხილველების დაკითხვასთან, ვიდეოკამერების დათვალიერებასთან, სატელეფონო მიყურადებასთან, ჩხრეკა-ამოღებასთან, ახალი ფაქტობრივი გარემოებების დადგენასთან დაკავშირებით. ირაკლი ფიფია არ არის პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რომელიც უკავშირდება სისხლის სამართლებრივი დევნის საკითხს, ვინაიდან პროკურატურის პრეროგატივაა. ამ შემთხვევაში, საქმის მწარმოებელი გამოძიებელი იყო ზვიად ფხაკაძე, რომელიც ზედამხედველობდა გამოძიებას. ის ასევე პასუხისმგებელია იმ დარღვევებზე, რომელზეც კომისიამ გამოკვეთა ირაკლი ფიფიას პასუხისმგებლობა, პარალალურად, ფხაკაძე პასუხისმგებელია იმ ქმედებებზე, რომელიც ზვიად ფხაკაძე უკავშირდება სისხლის სამართლებრივი დევნის არ დაწყებას კონკრეტული ფიგურანტების მიმართ.

რაც შეეხებათ ირაკლი ფიფიას უშუალო ხელმძღვანელს კახა სირაძეს, დეტექტივების სამმართველოს უფროსს იოსებ სიგუასა და მის ხელმძღვანელს შალვა ბედოიძეს, ისინი არიან პასუხისმგებელი იმ დარღვევებზე, რომელიც ფიქსირდება გამოძიების პროცესში ირაკლი ფიფიას მხრიდან, ვინაიდან ისინი იყვნენ სწორედ თავიანთი უწყებების ხელმძღვანელები. საგამოძიებო კომისია მიიჩნევს, რომ შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ უნდა დაიწყოს იოსებ სიგუას მხრიდან საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ყალბი დოკუმენტის სავარაუდო დამზადება-გამოყენების შესაძლო ფაქტებზე, ვინაიდან კომისიას არ მიაჩნია სარწმუნოდ, რომ ამ შემთხვევაში სიგუას კომისიაზე გამოუცხადებლობა განპირობებლული იყო საპატიო მიზეზით. ამაზე პასუხი გენინსპექციამ უნდა გაგვცეს“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ამასთან, ოთარ კახიძემ ისაუბრა პროკურორებზე გიორგი გაბოძესა და მიხეილ შაყულაშვილზე.

„გამოძიების პირველ ეტაპზე გიორგი გაბოძე იყო თბილისის პროკურორის მოადგილე, როცა დაიწყო ამ საქმეზე გამოძიება და იყო ფხაკაძის ხელმძღვანელი. მიხეილ შაყულაშვილი კი იყო თბილისის პროკურორი. ხოლო თებერვლიდან თბილისის პროკურორის მოადგილე ხდება კონსტანტინე სირაძე და თბილისის პროკურორი მალხაზ კაპანაძე. შესაბამისად, დარღვევებზე პასუხისმგებლობა ამ პირებს შორის განაწილებულია იმის მიხედვით, თუ როდის ჰქონდა დარღვევას ადგილი. მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი იყო კურატორი მოადგილე, რომელსაც ჰქონდა სამსახურებრივი ქვემდებარეობა ამ პირებთან. ამასთან, შსს-სა და მთავარი პროკურატურის გენერალურმა ინსპექციებმა უნდა შეისწავლონ საქმეში მონაწილე გამომძიებლის ბექა ხუფენიასა და საგამოძიებო ჯგუფის სხვა წევრების, ასევე პროკურორების იმედა გუგუშვილისა და მარიკა გოგოხიას საქმიანობა და დაადგინონ, რამდენად იკვეთება მათ საქმიანობაში სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. თანამდებობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, საგამოძიებო კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ პასუხისმგებელმა პირებმა დატოვონ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის რიგები“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს განიხილავენ.