არჩილ თალაკვაძე ემზარ კვიციანთან დაკავშირებით - ასეთ საკითხზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ
პარლამენტში პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, რომელ საქმესთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული გამოძიების მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მომხდარ ინციდენტზე განაცხადა, სადაც ემზარ კვიციანი აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდა.
„რამდენადაც ვიცი, ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რეაგირება იყო მყისიერი. პოლიციელებმა ეფექტურად შეძლეს, რომ განემუხტათ სიტუაცია. მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს სამართალდამცავებს და პოლიციელებს, ვინც იცავდნენ წესრიგს. ასეთ ფაქტებზე გადაწყვეტილებებს არა პოლიტიკოსები, არამედ შესაბამისი ინსტიტუტები იღებენ. ასე რომ, ამ პარლამენტში პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის, რომელ საქმესთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული გამოძიების მხრიდან. ეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობ, შესაბამისი ინსტიტუტების საქმე. პარლამენტის საქმე არის საკანონმდებლო პროცესის უზრუნველყოფა და ზედამხედველობა მთავრობაზე“,- განაცხადა თალაკვაძემ.
„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი, დეპუტატი ემზარ კვიციანი პარლამენტის წინ, მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენლებთან გავიდა. ემზარ კვიციანს აქციის მონაწილეებმა „რუსეთის მონა“ უწოდეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. კვიციანმა აქციის მონაწილეებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
შსს-მ პარლამენტთან მომხდარ ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.