არჩილ თალაკვაძე - ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში საქართველოს ხელშესახები გაუმჯობესება აქვს
ჩვენ გვაქვს სწორი კურსი და სწორად ვმუშაობთ, როგორც შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, ისე საგარეო ასპარეზზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ინდექსს მთელი მსოფლიოს ინვესტორები აკვირდებიან და ძალიან მნიშვნელოვანია.
„დღეს გამოქვეყნდა საერთაშორისო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი, სადაც საქართველოს აქვს ხელშესახები დაწინაურება. ეს არის ინდექსი, რომელსაც მთელი მსოფლიოს ინვესტორები უყურებენ და მსოფლიოს ბიზნეს ტენდენციებს განსაზღვრავს. საქართველოს აქვს პოზიტიური გაუმჯობესება, განსაკუთრებით ვაჭრობის მიმართულებით, საკუთრების დაცვის მიმართულებით და შიდა საკანონმდებლო გარემოს თვალსაზრისით. ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს სწორი კურსი და სწორად ვმუშაობთ, როგორც შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით, ისე საგარეო ასპარეზზე“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო ორი პოზიციით დაწინაურდა და მეშვიდე ადგილზეა.