მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა ორი პოზიციით გაუმჯობესდა და მეშვიდე ადგილზეა
მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველოს მდგომარეობა ორი პოზიციით გაუმჯობესდა და მეშვიდე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში საქართველო მეშვიდე ადგილს იკავებს, – ამის შესახებ „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტმა, პაატა შეშელიძემ განაცხადა, რომელმაც  Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ წარადგინა.

მისი თქმით, საქართველო უკვე მესამე წელია ათეულში ადგილს ინარჩუნებს, რაც მიუთითებს, რომ ქვეყანა სტაბილურობას იძენს.

„საქართველო უკვე მესამე წელია ინარჩუნებს ადგილს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის ათეულში, სადაც მეშვიდე ადგილზე გავედით, რაც ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუციური თვალსაზრისით ქვეყანა იხვეწება და სტაბილურობას იძენს,“  განაცხადა მან.

Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიშში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“, რომელიც 2016 წლის პერიოდს აფასებს, საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით ორი პოზიციით გაუმჯობესდა და 162 ქვეყანას შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. წინა წელთან შედარებით, ასევე, გაუმჯობესდა საქართველოს სარეიტინგო ქულა და 8,02 ქულა შეადგინა.

პაატა შეშელიძის განცხადებით, „ეკონომიკური თავისუფლება“ მსოფლიოში წარმატებული კვლევაა, რომლის შედეგებსაც მთელი მსოფლიო ეცნობა და მეწარმეებიც აკვირდებიან, სად შეიძლება უფრო გონივრული ინვესტირება.

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის განცხადებით, ეკონომიკური თავისუფლება საქართველოს განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღერძი იქნება.

მისი ინფორმაციით, საქართველომ, წინა წელთან შედარებით, ორ ინდიკატორში „მყარი ვალუტა“ (გაუმჯობესდა 0,23 ქულით და 9,22 ქულა შეადგინა) და „რეგულაცია“ (გაუმჯობესდა 0,45 ქულით და 8,49 ქულა შეადგინა) მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, რამაც ქვეყნის საერთო რეიტინგზე დადებითი გავლენა იქონია.

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარდგენილ მონაცემებსა და  დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისთვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა.

დატოვე კომენტარი