არჩილ თალაკვაძე - დღეს საქართველოს ჯანდაცვა არის მაგალითი, დასტური, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანი და მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა
არჩილ თალაკვაძე - დღეს საქართველოს ჯანდაცვა არის მაგალითი, დასტური, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანი და მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა

დღეს საქართველოს ჯანდაცვა არის მაგალითი, დასტური, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანი და მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს უსმენდნენ.

თალაკვაძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ათ მილიონ სამედიცინო შემთხვევაზე მეტი აქვს დაფინანსებული სახელმწიფოს.

„დღეს საქართველოს ჯანდაცვა ნამდვილად იმის მაგალითი, დასტურია, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანი და მასზე ზრუნვა სახელმწიფოს ყურადღების ცენტრში დაბრუნდა. ამას ადასტურებს ის, რომ, დღეის მდგომარეობით, ათ მილიონ სამედიცინო შემთხვევაზე მეტი აქვს დაფინანსებული სახელმწიფოს. დაფინანსების თითოეული შემთხვევა, შეიძლება, კატასტროფული ხარჯი ყოფილიყო ოჯახისთვის, სახელმწიფოს რომ არ დაეფინანსებინა. გვახსოვს ასეულობით შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები ყიდდნენ საკუთარ სახლებს, იყენებდნენ უკანასკნელ დანაზოგებს, რათა სამედიცინო მომსახურება მიეღოთ. ბევრი, ვისაც ეს არ ჰქონდა, მოკლებული იყო სამედიცინო სერვისებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, საპარლამენტო დემოკრატია არის ის, რაც „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოების მხარდაჭერით რეალურად მოიტანა ამ ქვეყანაში.

„მოდით, ვნახოთ, როგორ გამოიყურება საპარლამენტო დემოკრატია ჩვენთვის და როგორ გამოიყურება საპარლამენტო დემოკრატია, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ოპოზიციის დიდი ნაწილისთვის, რომელსაც საზოგადოებასთან თანაცხოვრება ხელისუფლებაში ყოფნის გარეშე ვერ წარმოუდგენია. ჩვენ გავაკეთეთ ისე, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მინისტრების და პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მოსმენები ჯამურად წინა 20-25 წლის რაოდენობას აღემატება. სამაგიეროდ, რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა და ბოლო ორი წლის განმავლობაში ჯამურად იმდენი მნიშვნელოვანი სხდომა გააცდინა, რამდენიც წინა 25 წლის განმავლობაში არცერთ სხვა ოპოზიციას არ გაუცდენია. ეს არის მაგალითი, როგორ ვხედავთ საპარლამენტო დემოკრატიას ხელისუფლება, რომელიც ქვეყნის მართვაზე ვართ პასუხისმგებელი და როგორ ხედავს ამას ოპოზიცია, რომელიც, როგორც ჩანს, მხოლოდ ლოზუნგებზე, უსაფუძვლო კრიტიკულ განცხადებებზე არის პასუხისმგებელი, მაგრამ ამაზეც ვერ იღებს ბოლომდე პასუხისმგებლობას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობისთვის ნამდვილად პრივილეგიაა, რომ პოლიტიკოსი საპარლამენტო გუნდიდან და საპარლამენტო გამოცდილებით ხელმძღვანელობს დღეს სამინისტროს.

„თითოეული საკითხი, რაზეც მინისტრმა ისაუბრა, არის არა მხოლოდ განცხადებები, არა მხოლოდ პირობები, არამედ ამ სიტყვებს, გეგმებს უკავშირდება ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა. სწორედ ამიტომ, მის გამოსვლას, თითოეულ სიტყვას პარლამენტში თუ სხვაგან, საჯაროდ გაკეთებულს, დამატებითი ფასი და მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძემ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სფეროს ყველა პროფესიონალს – ექიმებს, ექთნებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ უმნიშვნელოვანეს და ურთულესს სექტორში მუშაობს, ემსახურება ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის, კეთილდღეობის დაცვას. მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რომელიც, საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მზად არის, მოქალაქეებს დაეხმაროს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.