არჩილ თალაკვაძე - დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატო-ს წევრობასთან
არჩილ თალაკვაძე - დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატო-ს წევრობასთან

დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატო-ს წევრობასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, როუზ გოტმიოლერსა და ​ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს შეხვედრამ ბათუმში კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვალდებულებები და პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს, არის სათანადოდ შეფასებული და დანახული ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

„ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომელსაც ხელისუფლება და პარლამენტი ოპოზიციის ჩართულობით ახორციელებს – ეს არის საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემა და სასამართლო რეფორმა, ეს არის ეკონომიკური რეფორმები, განათლების რეფორმა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები.

დემოკრატიის ეს დონე მოითხოვს უფრო ძლიერ მხარდაჭერას, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან.

სწორედ ამაზე ვესაუბრე ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი, მათ შორის, ეკონომიკური მხარდაჭერა სჭირდება დღეს და ჩვენ ამ მიმართულებით გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია პარტნიორებთან.

იყო საუბარი ოკუპაციაზე და ყველა ხედავს, რომ საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტის ოკუპაცია არ არის ის, რაც უკვე მოხდა, ეს არის ის, რაც დღესაც გრძელდება და რაც რეალურ საფრთხეებს უქმნის ჩვენს მიღწევებს დემოკრატიის, ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროში.

ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლიანი და პრაგმატული საგარეო პოლიტიკა, დღეს საქართველო არის ძალიან ახლოს ნატო-ს წევრობასთან და ასევე, მნიშვნელოვანია პროგრესი, რომელიც ჩვენ წევრობის მისაღწევად ამ პროცესში შევქმენით ნატო-სთან და პარტნიორებთან ერთად“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.