არჩილ თალაკვაძე - დეტალებზე ფრაგმენტულ მსჯელობას, სჯობს, დროულად გამართონ მოლაპარაკებები და შემდეგი დიალოგისთვის მოემზადონ
ოპოზიციას ჰკითხეთ, სვამენ თუ არა ტოლობის ნიშნებს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები, საქართველოში მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად მუშაობს, როგორც ყველა დემოკრატიაში , -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამ კომენტარით თალაკვაძემ უპასუხა 130/20-ზე საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ პროპორციულობის ამ პრინციპს თუ დაეთანხმება, „მაშინ პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან, რომ ოპოზიცია მას დათანხმდეს“.
„ისინი არჩევნებს გამოძიებებს უკავშირებენ? მაშინ გთხოვთ, დაუბრუნდეთ ამ რესპონდენტებს და ჰკითხეთ, სვამენ თუ არა ტოლობის ნიშნებს არჩევნებსა და კონკრეტულ საქმეებს შორის, სადაც ჩადენილია დანაშაულები. მართლმსაჯულება პოლიტიკური კალენდრისგან დამოუკიდებლად მუშაობს, როგორც ეს მსოფლიოს მასშტაბით ყველა დემოკრატიაში ხდება“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
თალაკვაძის თქმით, 40-პროცენტიანი პრინციპის ასახვა კანონმდებლობაში, პროპორციის განაწილებას პრაქტიკულად მეორე და მესამეხარისხოვანს ხდის.
„იქნება 40 მაჟორიტარი, თუ 50, ამას უკვე არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ყველას ვთხოვ, რომ მედიაში დეტალებზე ფრაგმენტული მსჯელობის გამართვას, სჯობს, დროულად გამართონ მოლაპარაკებები და შემდეგი დიალოგისთვის მოემზადონ“ ,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.