გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნება“ 130/20-ზე პრინციპს თუ დაეთანხმება, პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას, რომ მას დათანხმდეს
გიორგი კანდელაკი - „ქართული ოცნება“ 130/20-ზე პრინციპს თუ დაეთანხმება, პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან ოპოზიციას, რომ მას დათანხმდეს

ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც პროპორციულობას უზრუნველყოფს, არის 130/20-ზე, დანარჩენი უბრალოდ სადღეგრძელოა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

კანდელაკის თქმით, 130/20-ზე მოდელი უზრუნველყოფს სწორედ იმას, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობა მომავალ პარლამენტში პროპორციულთან მიახლოებული იყოს.

„ჯერ იძახდნენ, რომ 100/50-ს ფეხი არ მოეცვლებაო, ახლა საუბრობენ რაღაც გარანტიებზე, ერთგვარ ჩახუჭუჭებულ სადღეგრძელოს ჰგავს მათი საუბარი. თუ მაინც და მაინც თანაფარდობაზეა საუბარი, მათემატიკურად წარმოჩენილია, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს პროპორციულობას, ეს არის 130/20-ზე, დანარჩენი არის სადღეგრძელო უბრალოდ. თუ მათ მართლა უნდათ დაეთანხმონ 40 პროცენტიან წესს და ზოგადად საპარლამენტო წარმომადგენლობის პროპორციულთან მიახლოებას, ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა არის 130/20-ზე. დანარჩენი არის მათი არჩევანი და გასაგებია, რომ ისინი არიან დიდი წნეხის ქვეშ, რომ რაღაცნაირად ეს დესტრუქციული მოდუსი გადალახონ. მაგრამ თან ისე, რომ რეალურად კომპრომისზე არ მოდიან და თან პოლიტიკური რეპრესიები გრძელდება. ცხადია, ასე არ გამოვა  და ბურთი არის მათ მოედანზე. საერთო პოზიცია ოპოზიციის მხრიდან რაც იქნა შეთავაზებული იმისათვის, რომ საპარლამენტო წარმომადგენლობა მომავალ პარლამენტში მიახლოებული იყოს პროპორციულთან, იყოს პროპორციული წარმომადგენლობა, რათა არც ერთ პარტიას არ მიეცეს ცოტა ხმებით უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, ეს თანაფარდობა არის 130/20-ზე.

თუკი „ქართული ოცნება“ დაეთანხმება ამ პროპორციულობის პრინციპს, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო წარმომადგენლობის პროპორციულობას, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ არც ერთ პარტიას არ შეეძლოს ცოტა ხმებით უმრავლესობის ჩამოყალიბება (ადრე ბაქიბუქობდნენ ხოლმე, რომ 60, 70 პროცენტს ავიღებთ და ა.შ.), მაშინ პოლიტპატიმრები თვითონ მოუწოდებენ ციხიდან, რომ ოპოზიცია დათანხმდეს ამ პრინციპს, მეტს ვერაფერს დავამატებ“ ,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს გიგი უგულავას პოზიცია, კანდელაკმა უპასუხა, რომ  მეტს ვერაფერს დაამატებს.