არჩილ თალაკვაძე - დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით არის ყველაზე ზედაპირული, რომელიც ოდესმე მომისმენია
ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების შეფასებებს ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა.
„რასაკვირველია, ანგარიშის ძირითად დასკვნებს ვიცნობ. ხელისუფლების საქმიანობასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების შეფასებებს ყოველთვის ყურადღებით ვეკიდებით. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ პარლამენტის რეგლამენტის ფუნდამენტური რეფორმა განვახორციელეთ.
განსხვავება რომ ნახოთ დღევანდელ და ადრინდელ პარლამენტს შორის, გეტყვით, რომ ანგარიშვალდებულების ფარგლებში, პარლამენტში ორი წლის განმავლობაში, მხოლოდ პრემიერის ვიზიტი აღემატება პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტების ვიზიტებს წინა 20 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მინისტრების მოსმენებს, მათი ანგარიშების განხილვას კომიტეტებში, ასევე მინისტრების მოსმენების რაოდენობა კომიტეტებში ჯამურად აღემატება წინა ორი საპარლამენტო ციკლის განმავლობაში მოსმენებს“,- განაცხადა თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ანგარიშვალდებულებისა და ზედამხედველობის მიმართულებით პარლამენტს ფუნდამენტურად მაღალი უპირატესობა აქვს დღეს, ვიდრე ეს წარსულში ჰქონდა.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ანგარიშთან დაკავშირებით აღნიშნა, დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მოუსმენია.
„თუ ასევე საკანონმდებლო საქმიანობას შევხედავთ, მნიშვნელოვნად არის შეცვლილი ბალანსი – პარლამენტის მიერ შემუშავებულ და მის გარეთ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტებს შორის.
გარდა ამისა, თემატური მოკვლევები ჩატარდა, რომელიც ადრე არასდროს გაკეთებულა. ასევე შეიქმნა საგამოძიებო კომისია უპრეცედენტოდ მნიშვნელოვან საქმეზე, რომელზეც სამწუხაროდ, წინა მოწვევის პარლამენტებს გადაწყვეტილების მიღება უჭირდა.
ვფიქრობ, რომ დეპუტატების საქმიანობის შეფასება მათი გამოსვლების რაოდენობით, ეს არის ყველაზე ზედაპირული შეფასება, რომელიც ოდესმე მომისმენია და მინახავს სხვა ევროპული პარლამენტების შემთხვევაში. ამიტომ, ყველას ვთხოვდი, ვინც დაინტერესებულია პარლამენტის საქმიანობა შეაფასოს, დეპუტატების გამოსვლების რაოდენობა მექანიკურად კი არ დათვალონ, არამედ ნახონ, რას აკეთებენ ეს ადამიანები იქ, სადაც ისინი აირჩეს, როგორ საქმიანობენ, რა პროექტებზე მუშაობდნენ, რამდენად იყვნენ კომიტეტების შიგნით ჩართულები საკანონმდებლო საქმიანობაში.
საკითხის ასე დაყენება, რომ მაგალითად, კომიტეტის თავმჯდომარეებს და სპიკერატის წევრებს ჰქონდეთ გამოსვლების თანაბარი რაოდენობა სხვა დეპუტატებთან მიმართებაში და ამით სხვა დეპუტატების დამუნათება არასამართლიანი და ძალიან ზედაპირული მიდგომაა პარლამენტარების საქმიანობის შეფასებისთვის.
ჩვენი გუნდი, „ქართული ოცნება“ მოტივირებულია, რომ პარლამენტში საქმიანობის ხარისხი და ეფექტურობა კიდევ უფრო გაიზარდოს მეათე მოწვევის პარლამენტში და სწორედ ამიტომ კანონმდებლობა შევცვალეთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია.