„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - 2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - 2019 წელს პარლამენტის 21 დეპუტატს სიტყვით გამოსვლის უფლებით არ უსარგებლია

პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა. როგორც ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული, 2019 წელი პოლიტიკურად აქტიური და დაძაბული იყო.

„წლის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რამაც საზოგადოებაში პროტესტი გამოიწვია, საპარლამენტო საქმიანობა კი აქციების ფონზე მიმდინარეობდა. პოლიტიკური დაპირისპირებების მიზეზით, ცვლილებები საპარლამენტო შემადგენლობამაც განიცადა, დეპუტატების ნაწილმა უმრავლესობა დატოვა, რამაც რეგლამენტის შესაბამისად, უმცირესობის დაშლა გამოიწვია. გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიციამ საშემოდგომო სესიის ფარგლებში აქტიურად გამოიყენა ბოიკოტის მექანიზმი. ყველაფერმა ამან, გავლენა მოახდინა საკანონმდებლო ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებასა და საქმიანობის განხორციელებაზე“, – აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშში.

ორგანიზაციის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში შემდეგი პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთა:

„გაიზარდა დეპუტატების მიერ ინიციატივების წარდგენის მაჩვენებლები – 2019 წელს პარლამენტის 118-მა წევრმა ისარგებლა საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით (2018 წელს ეს მაჩვენებელი 93 იყო); შემცირდა დაჩქარებული წესით განსახილველი ინიციატივების რაოდენობა; კომიტეტების სამოქმედო გეგმები და ანგარიშები, მეტწილად, სისტემატიზებული და ერთიანი სტანდარტით მუშავდება და ქვეყნდება ვებგვერდზე; კანონპროექტებზე, დეპუტატებისა და კომიტეტების მხრიდან, უფრო მეტი შენიშვნა გამოითქვა.

ახალმა რეგლამენტმა დადებითი გავლენა მოახდინა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებაზე, შეიქმნა ახალი ინსტრუმენტები და გაუმჯობესდა არსებული;

ამოქმედდა საპარლამენტო კონტროლის ახალი მექანიზმები – ინტერპელაცია და მინისტრის საათი, მთავრობის წევრები აქტიურად ესწრებოდნენ პლენარულ სხდომებს და პასუხობდნენ დასმულ შეკითხვებს: ინტერპელაცია 5-ჯერ, ხოლო მინისტრის საათი 9-ჯერ ჩატარდა. ინტერპელაციაზე ყველაზე მეტჯერ პრემიერ-მინისტრი წარდგა პარლამენტის წინაშე;

წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა სადეპუტატო კითხვის გამოყენება. 2019 წელს პარლამენტის 41-მა წევრმა გაუგზავნა 925 წერილობითი კითხვა აღმასრულებელ ხელისუფლებას და სხვა ანაგრიშვალდებულ პირებს; არსებითად გაუმჯობესდა და ქმედითი გახდა ფრაქციების მიერ თანამდებობის პირთა დაბარების მექანიზმი, თუმცა რჩება პრობლემებიც. 2019 წელს, 46-ჯერ დაიბარეს ანგარიშვალდებული პირები, მათგან 21 შემთხვევაში თანამდებობის პირი არასაპატიო მიზეზით არ დაესწრო კომიტეტის სხდომას; 21 თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც ამზადებენ ანგარიშებსა და რეკომენდაციებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აღნიშნავს, რომ შემცირდა სხდომების გაცდენის მაჩვენებელი – 2019 წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 1200 შემთხვევა დაფიქსირდა.

არასაპატიო მიზეზით პლენარული სხდომა ყველაზე მეტჯერ გააცდინეს: დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა), ივლიანე წულაია (უმრავლესობა).

ახალი რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, სხდომების გაცდენებზე შესაბამისი პასუხისმგებლობის მექანიზმები იქნა გამოყენებული, კერძოდ, პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, პარლამენტის 25 დეპუტატს ხელფასის 10% დაუკავდა, 43 შემთხვევაში; კომიტეტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის გამო, ხელფასის 10 % დაუკავდა 22 დეპუტატს, 33 შემთხვევაში“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამასთან, მათივე შეფასებით, საანგარიშო პერიოდში შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა:

„გაზრდილია კანონპროექტის განხილვის ვადების გაგრძელების მაჩვენებელი, 2019 წელს, 388 კანონპროექტზე (111 საკანონმდებლო ინიციატივა) 252-ჯერ გაგრძელდა განხილვის ვადა; საანგარიშო პერიოდში, კომიტეტების საქმიანობის ანგარიშების წარდგენა, დაგვიანებით განხორციელდა, კერძოდ, 2019 წელს 15-დან 7-მა კომიტეტმა, თვეების დაგვიანებით წარუდგინა პარლამენტს წინა წლის საქმიანობის ანგარიში; გენდერული თანასწორობის საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივები გენდერულ ჭრილში არ განუხილავს, საბჭოს დღემდე არ ჰყავს თავმჯდომარე; პარლამენტს კანონპროექტის ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია არ მიუღია, რაც კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულების დარღვევას წარმოადგენს;

არ არის შექმნილი საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო, შესაბამისად, საბჭოსადმი ოფისის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა არ ხდება“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.

როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, მთავრობის წევრები და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირები, სათანადო პასუხისმგებლობით არ ეკიდებიან პარლამენტის მიერ კონტროლის განხორციელებას.

„მაგ. მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს (925 დასმული კითხვიდან 139 კითხვას პასუხი არ გაეცა);

ინტერპელაციის შეზღუდული პერიოდულობა შეიცავს რისკს, რომ დასმულმა საკითხმა ინტერპელაციამდე აქტუალობა დაკარგოს და ასევე შეკითხვების რაოდენობის ზრდასთან ერთად, მცირდება პროცედურისთვის გამოყოფილი დრო, შედეგად, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, შესაძლოა, საფუძვლიანად ვერ მოხერხდეს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცედურის მნიშვნელოვანი გამარტივების მიუხედავად, საგამოძიებო კომისია არცერთხელ არ შექმნილა – დარეგისტრირდა კომისიის შექმნის 4 მოთხოვნა, თუმცა არცერთი ინიციატივისთვის პლენარულ სხდომაზე კენჭი არ უყრიათ; პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი.

ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა, რაც ეთიკის კოდექსის მნიშვნელობას და აღსრულებას საფრთხეს უქმნის;

კვლავ პრობლემას წარმოადგენს საპარლამენტო კომიტეტებიდან და მაჟორიტარი პარლამენტის წევრთა ბიუროებიდან  ზუსტი და დროული ინფორმაციის მიღება“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა სიტყვით გამომსვლელი დეპუტატების რაოდენობა, კვლავ პრობლემად რჩება დეპუტატთა აქტივობა, რომლებიც საერთოდ არ სარგებლობენ ამ უფლებით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია: ირაკლი აბუსერიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ლევან ბეჟანიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რუსლან გაჯიევი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), მახირ დარზიევი (უმრავლესობა), მუხრან ვახტანგაძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ზაზა კედელაშვილი („ევროპული საქართველო“), თეიმურაზ კოხრეიძე (უმრავლესობა), იოსებ მაკრახიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), გიორგი მოსიძე (დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი), რომან მუჩიაშვილი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), რამაზ ნიკოლაიშვილი (დამოუკიდებელი წევრი), რუსლან პოღოსიანი (უმრავლესობა), დიმიტრი სამხარაძე (უმრავლესობა), ერეკლე ტრიპოლსკი (უმრავლესობა), გოდერძი ჩანქსელიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი), არჩილ ხაბაძე (უმრავლესობა), ირაკლი ხახუბია (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ელგუჯა გოცირიძე (უმრავლესობა, მაჟორიტარი), ვიქტორ ჯაფარიძე (უმრავლესობა)“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოში“.

ამასთან, მათივე ცნობით, პრობლემას წარმოადგენს პარლამენტის შენობაში შესვლისა და სხდომებზე დასწრების საკითხი.

„მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა და პარლამენტის წევრებსაც კი, არაერთხელ ეთქვათ დაუსაბუთებელი უარი პარლამენტის შენობაში შესვლაზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენაზე დასწრების უფლება არ მიეცა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს; ჯერ კიდევ არ არის ამოქმედებული პარლამენტის ახალი ვებგვერდი, რომელიც ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან ვალდებულებას წარმოადგენს“, – ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაცია პარლამენტის მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აფასებს.

„პროგრესულად შეფასებულ კანონთა შორისაა: სექსუალური შევიწროების შესახებ ინიციატივა, ბავშვის უფლებების კოდექსი, მედიაციის შესახებ ახალი კანონი.

საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც დახვეწას საჭიროებს: რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ინსტიტუციონალიზაცია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნა, ახალი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, მოსამართლეთა შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებული ინიციატივა.

კვლევაში ნეგატიურად შეფასებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შორისაა: ქონებრივი დეკლარაციის შევსებისა და დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის წესის ცვლილება, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ყველა სამოხელეო დანაშაულზე გავრცელება, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების შეძენის ახალი რეგულაცია“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2019 წლის განმავლობაში პარლამენტის ყველაზე აქტიური წევრი (ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორი) რატი იონათამიშვილია, პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე საპარლამენტო უმრავლესობიდან – ანრი ოხანაშვილი, პლენარული სხდომის ყველაზე აქტიური მონაწილე უმრავლესობის გარეთ არსებული ფრაქციებიდან (ოპოზიცია) – ეკა ბესელია, ყველაზე მეტი სადეპუტატო კითხვის ავტორი – სერგი კაპანაძე, ხოლო ყველაზე აქტიური კომიტეტი – იურიდიულ საკითხთა კომიტეტი.