არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ყველაზე მეტად არის გარანტირებული და მომავალშიც ასე იქნება
დღეს, 2020 წლის 8 აგვისტოს, ომიდან 12 წლის შემდეგ, ყველას გვაერთიანებს ტკივილი, რასაც ჰქვია ჩვენი გმირი ჯარისკაცების დაკარგვა და გვაერთიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთი საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას ახორციელებს, რაზეც მან პასუხი უნდა აგოს.
ამასთან, როგორც თალაკვაძე აცხადებს, უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ხელისუფლებისთვის ის პრიორიტეტებია, რომლებიც საქართველოში ყველაზე მეტად არის დაცული და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
„რუსეთი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციას საერთაშორისო სამართლის პრინციპების წინააღმდეგ. ის, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხდება და აქ არის არჩილ ტატუნაშვილის საფლავი, ყველაფერზე პასუხისმგბელობა, რასაკვირველია, აქვს რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპაციაზე პასუხისმგებელ სახელმწიფოს და მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტს.
რაც უნდა მოხდეს, რა პროვოკაციებიც არ უნდა განახორციელოს რუსეთის ფედერაციამ, გვესმის ჩვენი პასუხისმგებლობა, გვესმის, საქართველოსთვის რაოდენ მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება. სწორედ ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა ის პრიორიტეტებია, რომლებიც ყველაზე მეტად არის ქვეყანაში გარანტირებული და იქნება მომავალშიც.
გითხარით, 2008 წლის აგვისტოში ჯარისკაცებმა იბრძოლეს ბოლომდე, მოსახლეობამ განიცადა დიდი ტანჯვა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ტერიტორიები და ეს არის ამ ომის ტრაგედია. თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, მაგალითად, მოსახლეობის ევაკუაციის გარეშე დატოვება, ან როდესაც ჯარისკაცები ბოლომდე იბრძოდნენ, სად იყვნენ მაშინ ხელისფლების წარმომადგენლები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არის სხვა განსჯის საგანი.
დღეს, 2020 წლის 8 აგვისტოს, ომიდან 12 წლის შემდეგ, ჩვენ ყველას გვაერთიანებს ის ტკივილი, რასაც ჰქვია ჩვენი გმირი ჯარისკაცების დაკარგვა და გვაერთიანებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ამოცანა“, – განაცხადა თალაკვაძემ.