არჩილ თალაკვაძე - ჩვენი ერთადერთი ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს საპარლამენტო არჩევნებს
ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს საპარლამენტო არჩევნებს, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე „ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებას.
თალაკვაძის თქმით, მმართველი გუნდის ინტერესშია, რომ რაც შეიძლება მეტმა პარტნიორმა ნახოს, როგორ დემოკრატიულად ჩატარდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები.
„დღეს ჩვენი ოპონენტების მხრიდან კიდევ ერთი სამარცხვინო ტყუილი მოვისმინეთ. ჩვენი ერთადერთი მოტივაცია და ინტერესია, რომ რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და დააკვირდეს ამ არჩევნებს, ვინაიდან ჩვენ ამ არჩევნების ჩასატარებლად დემოკრატიული რეფორმები გავატარეთ; მხარი დავუჭირეთ ქალთა და მამაკაცთა თანაბარ მონაწილეობას პოლიტიკაში; შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი; გარემო უფრო დემოკრატიული გავხადეთ. დღესაც ხედავთ, რომ გვაქვს პოზიტიური საარჩევნო კამპანია.
ჩვენი გუნდი არის მომავალზე ორინტირებული და მომავალზე გეგმა თავისთავად უკავშირდება იმას, რომ ჩვენმა რაც შეიძლება მეტმა პარტნიორმა ნახოს, როგორ დემოკრატიულად ჩავატარებთ ამ არჩევნებს. ეს არის არჩევნები, სადაც საქართველო დგამს ხელშესახებ ნაბიჯებს მომავლისკენ, აძლიერებს დემოკრატიას და თავის პარტნიორებს დაუმტკიცებს, რომ საქართველო იმსახურებს დასავლურ ოჯახში ინტეგრაციას და ღირსეულ ადგილს ევროკავშირში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი