არჩილ თალაკვაძე - ჩვენი და აზერბაიჯანის მეგობრობა მოიცავს წარმატებულ პოლიტიკურ, ეკონომიკურ ურთიერთობებს, გვაქვს საერთო მიზნები რეგიონში მშვიდობის გაუმჯობესებისთვის
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანის მილი მეჯლისის საგარეო და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების შემდგომ განვითარებასა და საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებას.
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კოლეგებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგსა და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.
„ჩვენი მეგობრობა მოიცავს ძლიერ და წარმატებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ გვაქვს საერთო მიზნები რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის. იცით, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველო ასევე აკეთებს ყველაფერს, რომ ხელი შეუწყოს დიალოგს მშვიდობის განმტკიცებისთვის. ეს მოიცავს იმ ურთიერთნდობას, რომელიც საქართველოს მიმართ რეგიონში მდებარე ქვეყნებს აქვთ. მათ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს თავიანთი მხარდაჭერა და პატივისცემა საქართველოს მიმართ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.