არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში
ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ოკუპაციასთან მიმართებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრაზე კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შუამდგომლობით და მათთან შეთანხმებით საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ჩვენ გვაქვს პრაგმატული, პასუხისმგებლიანი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში, ოკუპაციასთან მიმართებაში, არ დავუშვებთ, რომ რაიმე პროვოკაციაში იყოს ჩათრეული, არ დავუშვებთ, რომ რაიმე ემოციური გადაწყვეტილებით შეცდომა იყოს დაშვებული საგარეო პოლიტიკისა და დეოკუპაციის პოლიტიკის პროცესში. როგორც ხედავთ, ჩვენ 2012 წლიდან დღემდე შევძელით, რომ საქართველოს მშვიდობა და სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა. მაქსიმალურად ვეცდებით, ეს ასე იყოს მომავალშიც“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გუშინ შეხვდა.
როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა: „სტრატეგიულ პარტნიორებთან კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ ლავროვთან შეხვედრა იქნებოდა პირველი შესაძლებლობა, ასეთ დონეზე რუსეთისთვის პირდაპირ გვეთქვა სათქმელი“.