არჩილ თალაკვაძე - ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოდგენას იმ პროცესებზე, რაც 20-21 ივნისს ჩემი თვალით ვნახე
მე პირადად, ჩანაწერები ვერ შემიცვლის წარმოდგენას იმ პროცესებზე, რაც ჩემი თვალით ვნახე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველ ახალ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია ფიგურირებს.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მოვლენების განვითარების მთელი საზოგადოება ადევნებდა თვალს პირდაპირ ეთერში.
„მესმის, რომ ჩვენი ოპონენტების ნაწილს აქვს მცდელობა, რომ როგორმე თავიდან აიცილონ თუმდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა რომ არაფერი ვთქვათ სხვა ტიპის პასუხისმგებლობაზე, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანევრები. აქ მნიშვნელოვანი არის ერთი, რომ მშვიდობიანი მანიფესტაციის გამოყენება სცადა ძალადობრივი სცენარისთვის კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მათ მოუწევთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ასევე გამოეხმაურა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის მიხედვითაც ომბუდსმენის აპარატი ვიდეომასალის შესწავლას ითხოვს.
„ომბუდსმენი საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია და ის ანგარიშვალდებულია პარლამენტთან. შესაბამისად, რა გარემოებების შესწავლასაც მოახდენს ომბუდსმენი, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი განიხილავს, როდესაც სახალხო დამცველის წლიური ანგარიში იქნება წარმოდგენილი,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ნიკა მელიამ დღეს განაცხადა: „21 დღის შემდეგ მოპოვებულმა უწყვეტმა ვიდეოკადრებმა საპირისპირო რამ დაამტკიცა, ვიდრე „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა. დაადასტურა, რომ ღამის საათებში, 11:30 პოლიტიკური პარტიების ლიდერები, მათ შორის მეც, ველოდებოდით ხელისუფლების წარმომადგნელებს, რომ საბოლოოდ დაეშვათ რაღაც საშვი და შევსულიყავი შენობაში მათთან მოსალაპარაკებლად“.