არჩილ თალაკვაძე - C ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამაზე ისტორიული გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი
C ჰეპატიტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად გაკეთდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანიის – STOP C დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულმა პროგრამამ ათეულ ათასობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და მათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების შესაძლებლობა მისცა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, პროგრამა გრძელდება და პრაქტიკულად, მიზერული დანახარჯებით, მოქალაქეებისთვის 80-90 ათასი აშშ დოლარის ღირებულების მკურნალობაა ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფილი.
„ასევე, მინდა ვთქვა, რომ ამ პროგრამით დღეს სარგებლობენ ჩვენი აფხაზი ძმებიც, რომელთათვისაც აღნიშნული მკურნალობა სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო. რაც შეეხება პროგრამის მიმდინარეობას, საქართველომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით შეცვალა პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში ამ სფეროში თამაშის წესები. საქართველო გახდა გლობალური ლიდერი, რომელმაც დაანახა საზოგადოებას და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ამ სფეროში შესაძლებელია ისეთი წარმატების მიღწევა, როგორიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
როგორც მან აღნიშნა, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებაში ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ამერიკელი პარტნიორების დამსახურება.
„უდიდესი დამსახურება აქვს პროგრამის წარმატებაში ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერას და მინდა, ასევე ხაზგასმით გამოვყო ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგების ძალიან დიდი წვლილი პროგრამის წარმატებაში. მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა C ჰეპატიტის პროგრამის წარმატება“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
არჩილ თალაკვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, სკრინინგი აუცილებლად ჩაიტარონ.
„მინდა, ყველა მოქალაქეს ვურჩიო, რომ გაიარონ სკრინინგი და ტესტირება, ვინაიდან დღეს ამ დაავადების განკურნება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს და რაც უფრო ადრე იქნება იდენტიფიცირებული ინფექცია, მით უფრო მალე დაიწყება მკურნალობა, რაც ჯანმრთელობისთვის უკეთესია. უკვე საკმაოდ ხელშესახები საქმე აქვს გაკეთებული ჯანდაცვის სამინისტროს სკრინინგის თვალსაზრისით, თითქმის ასი ათას მოქალაქეს სკრინინგი გავლილი აქვს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
მისი თქმით, უახლოეს წლებში, დაახლოებით ამდენივე მოქალაქე გაივლის სკრინინგს და ამით, საქართველოში პრევენციის, კონტროლის კუთხით პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი პრაქტიკულად დასრულებული იქნება.
„რაც შეეხება მკურნალობას, უკვე რამდენიმე ათეულმა ათასმა ადამიანმა დაასრულა მკურნალობა. საკონტროლო კვლევები ჩაიტარეს და განკურნების მაჩვენებელი არის დაახლოებით 100 პროცენტის ტოლი, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინც სწორედ ჩაიტარებს მკურნალობას, პრაქტიკულად სრულად ამარცხებს ჰეპატიტს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრობის დროს, სწორედ მან მიიღო ამ პროგრამის დაწყებაზე ისტორიული გადაწყვეტილება.
„C ჰეპატიტის პროგრამამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა გადაარჩინა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, აფხაზეთში. ამ პროგრამაზე თავის დროზე, ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა. მან მთავრობის სხდომაზე პირდაპირ თქვა, რომ ეს პროგრამა უნდა დაიწყოს არა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემაში, არამედ უმოკლეს ვადებში სამოქალაქო სექტორშიც. დღეს, უკვე ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველო არის გლობალური ლიდერი C ჰეპატიტის წინააღმდეგ. მინდა, ბიძინა ივანიშვილის ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჰეპატიტებთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, C ჰეპატიტის საწინააღმდეგო ახალი კამპანია – STOP C დაიწყო.