არჩილ თალაკვაძე - ბოლო პერიოდში არ ყოფილა რაიმე პრინციპულ საკითხზე უთანხმოება, რაც შეიძლება, საფუძვლად დავუდოთ უმრავლესობიდან დეპუტატების გასვლას
ჩვენ 20 ივნისთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთებული გვაქვს და საზოგადოებამ კარგად იცის, დილით დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი, როგორ დასრულდა საღამოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
რაც შეეხება კითხვას, „20 ივნისთან დაკავშირებით, ეკისრება თუ არა გახარიას და მის გუნდს პასუხისმგებლობა, ასევე, რა თემებზე იყო უთანხმოება გახარიას გუნდთან?“, – თალაკვაძე პასუხობს, რომ 20 ივნისის თემაზე მეტი კომენტარის გაკეთება დღეს გაუჭირდება.
„საჯარო ბრიფინგზე რაც მოვისმინე, თვითონ ისაუბრეს მათ 20 ივნისთან დაკავშირებით, ამიტომ მეტი კომენტარის გაკეთება დღეს მე გამიჭირდება და არც გავაკეთებ კომენტარს ამაზე ჯერჯერობით, ვიდრე ჩვენ რეალურად არ მოვისმენთ, რა დამოკიდებულება აქვს თვითონ, როგორც მომავალი პოლიტიკური პარტიის ლიდერს ამ საკითხზე, რადგან ჩვენ 20 ივნისთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთებული გვაქვს და საზოგადოებამ კარგად იცის, დილით დაწყებული მშვიდობიანი პროტესტი, როგორ დასრულდა საღამოს. ასევე, იცის იმ გადაცდომების შესახებ, რომელზეც გამოძიება დაიწყო ხელისუფლებამ, მათ შორის – ოპოზიციონერებთან მიმართებაში. ამიტომ ამაზე დღეს სხვა შეფასებას გავაკეთებდი“, – განაცხადა თალაკვაძემ.
გარდა ამისა, თალაკვაძის განმარტებით, ბოლო პერიოდში არ ყოფილა რაიმე პრინციპულ საკითხზე უთანხმოება, რაც შეიძლება, დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვების საფუძველი გამხდარიყო.
„რაც შეეხება უთანხმოებებს, ბოლო პერიოდში არ ყოფილა რაიმე პრინციპულ საკითხზე უთანხმოება, რაც შეიძლება, საფუძვლად დავუდოთ მათ გასვლას უმრავლესობიდან. სწორედ ამიტომ ამ გასვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აქ არჩევანი გაკეთდა პირადი ურთიერთობების სასარგებლოდ და მეორე მხარეს დარჩა სახელმწიფო ინტერესები, მიზნები, და ის ვალდებულებები, რომელიც ჩვენ ერთად ავიღეთ საზოგადოების წინაშე.
რაც შეეხება იმ მაღალი პროფილის საქმეებს, რომელსაც ოპოზიციაში პოლიტპატიმრებს უწოდებენ, მესმის, რომ ეს მათ სჭირდებათ და ხელს აძლევთ. რაც შეეხება იმ მაღალი პროფილის საქმეებს, რომლებზეც საჯარო ინტერესი მაღალია, ჩვენმა კოლეგებმა გიორგი გახარიას გუნდიდან გასვლის მეორე დღესვე ამაზე გააკეთეს კომენტარები და თქვენ ყველას კარგად გახსოვთ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ საკითხზე და რა იყო გიორგი გახარიას გადაწყვეტილება ამ საკითხზე. მათ შორის, ჩვენ გუნდურად მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება იმუნიტეტის მოხსნის შესახებ, რომელსაც დაუჭირეს მხარი იმ ადამიანებმაც, რომლებმაც დღეს დატოვეს უმრავლესობა. ამიტომ, ვფიქრობ, აქ ძალიან ნათლად, ხელისგულზეა ყველაფერი და დამატებითი კომენტარები უკვე ზედმეტია“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ გიორგი ხოჯევანიშვილი, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური, ალექსანდრე მოწერელია, მიხეილ დაუშვილი და შალვა კერესელიძე დამოუკიდებელ დეპუტატებად განაგრძობენ მუშაობას. „გიორგი გახარიასთან ერთობლივი გადაწყვეტილებით, ექვსი დეპუტატი გადავდივართ პარტიის მშენებლობის ახალ ფაზაზე“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.