არჩილ თალაკვაძე - არჩევნების წინ იყო არალეგიტიმური ჩარევის ფაქტებიც, მათ შორის სააკაშვილის მხრიდან, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში კანონის დარღვევით მონაწილეობდა
შვიდი საჩივრიდან, რომელიც შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება, წინასწარი შედეგებით უკვე ცნობილია, რომ ხუთი სწორედ ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ჩადენილი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით თალაკვაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ანგარიშში ისინი შემაშინებელ ატმოსფეროზე საუბრობდნენ, საუბრობდნენ მოსყიდვისა და დაშინების სავარაუდო ფაქტებზე. იყო თუ არა ამასთან დაკავშირებით შეხვედრაზე კითხვები“.
თალაკვაძის თქმით, აღნიშნული დარღვევები შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ.
„ამასთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ თქვენ და გიპასუხებთ. მაგალითად, შვიდი ფაქტიდან, საჩივრიდან, რომელიც შესაძლო მოსყიდვას უკავშირდება, წინასწარი შედეგებით უკვე ცნობილია, რომ ხუთი სწორედ ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ჩადენილი. თუმცა ეს ჩვენი სფერო არ არის, არამედ შესაბამისი ორგანოების შესწავლის საგანია. რა თქმა უნდა, ამაზე შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ამასთან, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, არჩევნების წინ მოქალაქეების თავისუფალ აზრზე თავდასხმის შემთხვეები იყო, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. ამას გარდა, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, დაფიქსირდა არალეგიტიმური ჩარევის შემთხვევებიც, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, როდესაც კანონის დარღვევით მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კაპმანიაში.
„რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს ამ არჩევნებში, თუნდაც ხშირ შემთხვევაში, მედიასაშუალებების თავდასხმას მოქალაქეების თავისუფალ არჩევნებზე, თავისუფალ აზრზე – ამაზე საუბარი დღეს არ გვქონია, არ განგვიხილავს, თუმცა ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნების წინ ძირითადად ამ ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ადგილი ნამდვილად ჰქონდა საზოგადოებრივ აზრზე თავდასხმას, იყო არალეგიტიმური ჩარევაც, მგალითად, მიხილ სააკაშვილის მხრიდან. სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე და კანონის დარღვევით მონაწილეობდა „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო კამპანიაში. იმედი მაქვს, ამ ყველაფერს საერთაშორისო დამკვირვებლები ობიექტურად აფასებენ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
საერთაშორისო დამკვირვებლებმა ეუთო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში იყო კონკურენტული და საერთო ჯამში, ფუნდამენტური თავისუფლებები დაცული იყო.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების კონკურენტულობას ზიანი მიაყენა ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა ამომრჩევლების დაშინების შესახებ და ეს ბრალდებები ისმოდა როგორც არჩევნების წინა პერიოდში, ისე არჩევნების დღეს.