არჩილ თალაკვაძე - არავის მივცემთ უფლებას, დავით გარეჯი სასაცილოდ მოიხსენიოს, იმედი მაქვს, კუბილიუსი თავის განცხადებაზე განმარტებებს გააკეთებს
ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით თალაკვაძე გამოეხმაურა დავით გარეჯის საქმეზე ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის „ტვიტერის“ პოსტს.
თალაკვაძის თქმით, მას იმედი აქვს, კუბილიუსი საკუთარ განცხადებაზე განმარტებას გააკეთებს.
„მინდა, გამოვეხმაურო ბატონი კუბილიუსის განცხადებას. მან, როგორც ვნახე, თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს არის საინტერესო საზოგადოებისთვის, სასაცილოა. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. მე პირადად გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, საუბრობს ასეთი დამოკიდებულებით ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე. ეს არის ჩვენთვის მიუღებელი.
დავით გარეჯი არასოდეს და ვერასოდეს იქნება სასაცილო. ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ვფიქრობ, კატეგორიულად მიუღებელია. ყოველთვის, როცა მომავალში გვექნება შეხვედრები ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებაზე გააკეთებს განმარტებებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, „რას ნიშნავს განმარტებას გააკეთებს, ემიჯნებით, ბოდიშის მოხდას ითხოვთ? – თალაკვაძე პასუხობს, რომ ამ საკითხზე ყველა ადამიანს თავისი სამოქალაქო პოზიცია უნდა ჰქონდეს. თალაკვაძის განცხადებით, დავით გარეჯი არის საქართველო და ის ვერასდროს იქნება სასაცილო.
„თქვენ არ ემიჯნებით? მიპასუხეთ, რატომ გეშინიათ პასუხის? როგორც მოქალაქე, არ ემიჯნებით? რა კონტექსტში ჰქონდა ნათქვამი, აბა, აგვიხსენით. ეს არის პრობლემა ზუსტად, რომ მოდიხართ კითხვით და თქვენი ელემენტარული სამოქალაქო პოზიცია არ გაგაჩნიათ. ადამიანმა თქვა, დავით გარეჯის საკითხი სასაცილოაო, თქვენ არ ემიჯნებით? ძალიან ცუდია ის, რომ ბოდიშის მოხდას მე კი არა, თქვენ უნდა ითხოვდეთ ამაზე. როდესაც დგახართ სვეტიცხოვლის ეზოში და ამასთან დაკავშირებით პოზიცია არ გაქვთ, მათ შორის საერთო მაუწყებლობის მქონე არხს, ეს არის ძალიან ცუდი.
პოზიცია ის არის, რომ ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, დავით გარეჯის და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ეროვნული საკითხები სასაცილოდ მოიხსენიოს. თქვენ პოზიციას ვერ აფიქსირებთ. თქვით მაშინ, რომ ეს მიუღებელია. ეს ის საკითხია, სადაც საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს პოზიცია. დავით გარეჯი არის საქართველო და ის ვერ იქნება ვერასდროს სასაცილო. ვისაც მიაჩნია, რომ ეს სასაცილო საკითხია, ჩვენთვის ეს არის მიუღებელი შეფასება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.