არჩილ თალაკვაძე - ანაკლიის პორტი პრიორიტეტული პროექტია და სახელმწიფო, ვალდებულებების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს
ანაკლიის პორტი პრიორიტეტული პროექტია და სახელმწიფო, ვალდებულებების ფარგლებში, ყველაფერს გააკეთებს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„დემოკრატიასთან ერთად ჩვენ ვავითარებთ ეკონომიკასა და ინფრასტრუქტურას, ხოლო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი არის კომუნიკაციებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული პროექტი არის ანაკლიის პორტი. აქ სახელმწიფოს მხრიდან ვალდებულებები იქნება განუხრელად შესრულებული. იცით, რომ ეს იყო სწორედ მთავრობის ინიცირებული პროექტი. ამაში აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსები დახარჯული და მომავალშიც სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, თავისი ვალდებულებების ფარგლებში, რომ პორტის პროექტი წარმატებით განხორციელდეს. ეს არის რთული, კომპლექსური პროექტი, რომელშიც გვეხმარებიან ჩვენი პარტნიორებიც“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ანაკლიის პროექტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს.
„ეკონომიკას აქვს თავისი ლოგიკა და ეკონომიკური თვალსაზრისით ამ პროექტს სახელმწიფოს მხრიდან აქვს სრული მხარდაჭერა. მართლმსაჯულება აქვს ასევე თავისი ლოგიკა და წესები. ვფიქრობ, როგორც სახელმწიფოს, ასევე ხაზარაძისთვის და ჯაფარისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე და საკითხები, რომელიც ამ საქმეში არსებობს, ამოიწუროს გონივრულ ვადებში. შესაბამისად, პარლამენტი თვალს ადევნებს პროცესს და მივესალმებით საჯაროობას საქმესთან დაკავშირებით. ანაკლიის პროექტი არის პროექტი, რომელიც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს, საერთაშორისო ინვესტორებს შორის თანამშრომლობას ეფუძნება. სწორედ ეს არის მისი განხორციელების მთავარი პირობები და გარანტიები. სახელმწიფო გააკეთებს ყველაფერს, რომ ინვესტორებთან და კერძო სექტორთან ერთად ეს პროექტი წარმატებით განხორციელდეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოტანილია დადგენილება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ, მათ მიერ, ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით“.