არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ დიპლომატების მონაწილეობით პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება
პოზიტიურია, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი დაიწყო. შევთანხმდით, რომ პოლიტიკური კონსულტაციების კიდევ ერთი რაუნდი უახლოეს დღეებში შედგება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ დიპლომატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, დიპლომატებთან შეხვედრაზე, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, გაცვალეს მოსაზრებები.
„ჩვენი პასუხი და პოზიცია არის მკაფიო – მოდით, ერთად გადავამოწმოთ ყველა ის საკითხი და კითხვა, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო დასმული. საზოგადოებას აქვს ამაზე ინფორმაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან კონსტრუქციული და გახსნილი პოზიცია. გვსურს, იმ შედეგთან მივიდეთ, როცა საბოლოო ჯამში, ყველა პატივს სცემს არჩევნების შედეგებს და საქართველოს პარლამენტი განაგრძობს მუშაობას ისე, როგორც ეს კონსტიტუციასა და კანონში არის გაწერილი. პირველ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონდეს, რომ ძირითადი შეთანხმებები მოხდებოდა, თუმცა პოლიტიკური დიალოგის დაწყება არის პოზიტიური და გავცვალეთ არგუმენტები. რაც მთავარია, ერთმანეთს კონსტრუქციულ გარემოში მოვუსმინეთ, მჯერა და იმედი მაქვს, რომ ეს პოლიტიკური დიალოგი კონკრეტული შედეგით დასრულდება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, დიალოგის დაწყება ემსახურება პოზიციების დაახლოებას, პირველი შეხვედრა პოზიტიური იყო.
„დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. მოლაპარაკებების მაგიდა არის ის ადგილი, სადაც პოლიტიკოსებმა საერთო ენა უნდა გამოვძებნოთ“, – განახცადა არჩილ თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძე არ აკონკრეტებს, ოპოზიციურ პარტიებთან მომდევნო შეხვედრა როდის გაიმართება.
როგორც ჟურნალისტებს თალაკვაძემ განუცხადა, შემდეგი შეხვედრა როდის იქნება, ამას დღეს ვერ იტყვის, მაგრამ მომდევნო რაუნდი რამდენიმე დღეში შედგება.
„ადგილზე და დროზე ინფორმაცია გექნებათ“, – დასძინა თალაკვაძემ.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას ცხრა პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა საქართველოში ამერიკის ელჩის რეზიდენციაში შედგა.