არჩილ თალაკვაძე - 2010 წლიდან დღემდე, პირველად შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დაშავებულთა რაოდენობა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 12,4%-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, ხოლო15%-ით შემცირდა დაშავებულთა რაოდენობა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ავტოსაგზაო შემთხვევები შემცირდა იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით არის გაზრდილი.
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება არის თემა, სადაც როგორც მთავრობას, ასევე პარლამენტს რეფორმების განხორციელების და უსაფრთხოების გაუმჯობესების ძალიან დიდი ინტერესი აქვთ. მინდა, კოლეგებს კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში 2017 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 12,4%-ით შემცირდა გზებზე ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა, 15%-ით კი შემცირდა დაშავებულთა რაოდენობა და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოში 2011 წლიდან 2016 წლამდე ავტომობილების რაოდენობა 33%-ით არის გაზრდილი. შესაბამისად, ავტომობილების რაოდენობა წლიურად, დაახლოებით, 8%-ით იზრდება. ამ მზარდი ტენდენციის ფონზე, 2010 წლიდან დღემდე პირველად მოხდა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებისა და დაშავებულთა რაოდენობის მაჩვენებლები შემცირდა. ეს მოხდა პირველად, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავამტკიცეთ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ცვლილებები. ასევე, უნდა გითხრათ კიდევ ერთი სიახლე – უახლოეს პერიოდში მართვის მოწმობის გამოცდა, პრაქტიკულად მზადება დასრულებულია, გადადის რეალურ მოძრაობაში, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მართვის მოწმობის საიმედოობას“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.