არჩილ მესტვირიშვილი - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები ძირითადად სესხია, თუმცა მას თავისი საგრანტო ელემენტიც აქვს
არჩილ მესტვირიშვილი - საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები ძირითადად სესხია, თუმცა მას თავისი საგრანტო ელემენტიც აქვს

საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები ძირითადად სესხია, თუმცა მას თავისი საგრანტო ელემენტიც აქვს, აქედან დაახლოებით მილიარდ-ნახევარი აშშ დოლარი 2020 წლის განმავლობაში საგარეო დისბალანსის დასაფინანსებლად იქნება საჭირო, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში საქართველოს მთავრობის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დონორი ორგანიზაციებისაგან მოზიდული სამი მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის დახმარების პაკეტი განიხილეს. აღინიშნა, რომ დახმარების ნაწილი ეროვნული ბანკის რეზერვების გაზრდას მოხმარდება, ნაწილი კი სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებსა და კერძო სექტორის დახმარებას დააფინანსებს.

მესტვირიშვილის განმარტებით, საბიუჯეტო დახმარებაზე განსაზღვრული მილიარდ-ნახევარი აშშ დოლარი გარკვეულ საგრანტო ელემენტებსაც შეიცავს.

„კონკრეტულად საბიუჯეტო დაფინანსება, ეს მილიარდ-ნახევარი დოლარი, რაზეც ვსაუბრობთ, არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრები, რომელიც არის ძირითადად სესხი, თუმცა მას თავისი საგრანტო ელემენტი აქვს – ანუ არის საბაზროსთან შედარებით უფრო დაბალპროცენტიანი შეღავათიანი სესხები. თუმცა გარკვეული გრანტებიც არის აქ გათავალისწინებული. ეს თანხები მიიმართება ბიუჯეტში, მისი ნაწილი მიდის საბიუჯეტო პრიორიტეტების დასაფინანსებლად და ნაწილი დაკავშირებულია სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. ამაზე, როცა შესაძლებელი იქნება, მთავრობა განცხადებას გააკეთებს, თუ საით იქნება ეს თანხები მიმართული. ძირითადი მიმართულებები გადაწყვეტილია, თუმცა ეს ბიუჯეტში იქნება ასახული და როცა სრული სურათი შედგება, მოხდება ამის გაცხადება“, – დააზუსტა მესტვირიშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული მილიარდ-ნახევარი აშშ დოლარი ძირითადად 2020 წლის განმავლობაში საგარეო დაფინანსებაში მოსალოდნელი დისბალანსის დაფინანსებას მოხმარდება.

„ჩვენი შეფასებით, პანდემიით გამოწვეული დამატებითი დანაკლისი საგარეო დაფინანსებაში დაახლოებით მილიარდ 300 მილიონი დოლარი იქნება, რაც მანამდე არსებული დაფინანსების საჭიროებასთან ერთად, არის დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარი. ანუ მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარი გვჭირდება, რომ დავაფინანსოთ საგარეო დისბალანსი 2020 წლის განმავლობაში. იმ თანხის არხი, რაც ბიუჯეტში მიდის და დონორებისგან არის მოზიდული, არის ასეთი: უცხოური ვალუტა მიდის ეროვნულ ბანკში, ჩვენ ამას ვახურდავებთ, ვაძლევთ მთავრობას და მთავრობა ხარჯავს ლარს. შესაბამისად, ეს თანხები, რაც ბიუჯეტში მიემართება, არის ასევე საგარეო დისბალანსის დაფინანსების წყარო. შესაბამისად, ის 200 მილიონი, რომელიც მიდის ეროვნულ ბანკში და ასევე დონორებისგან მოზიდული თანხების ნაწილი ჩვენს მიერ გამოყენებული იქნება ინტერვენციებისათვის, რათა ეს დოლარი მერე მოხვდეს ბაზარზე. შესაბამისად, საკმარისია და შეიძლება ითქვას, ცოტა მეტიც, მაგრამ გაურკვეველობა საკმაოდ დიდია და თუ უფრო რთული სცენარით განვითარდა მოვლენები, ამისთვისაც არის გარკვეული ბუფერი“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

რაც შეეხება საბანკო და საფინანსო სექტორისთვის განკუთვნილ მილიარდ-ანახევარ დოლარს, მესტვირიშვილის განმარტებით, იგი ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის იქნება განკუთვნილი.

„საუბარია იმ თანხებზე, რასაც საბანკო და საფინანსო სექტორი მოიზიდავს საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიდან. დაახლოებით მილიარდ ნახევარ დოლარზეა აქაც საუბარი. ყველა ფინანსურ ინსტიტუტს აქვს თავისი პრიორიტეტები, თუ როგორ უნდა იყოს ეს თანხა გამოყენებული. თუმცა ძირითადად მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებისთვის იქნება ეს თანხა მიმართული“, – განუცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა „ბიზნესპარტნიორს“.