არჩილ კალანდია - მაქსიმალურად ვეცდებით, დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ჩინეთის დატოვებას ფინანსური პრობლემების გამო ვერ ახერხებენ
ჩინეთში საქართველოს საელჩო საქართველოში შესაბამის უწყებებთან კონტაქტზეა და მაქსიმალურად ეცდება, დაეხმაროს ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ფინანსური მიზეზებით ჩინეთის დატოვებას ვერ ახერხებენ.
როგორც საქართველოს პირველ არხს ჩინეთში საქართველოს ელჩმა, არჩილ კალანდიამ განუცხადა, სამი მოქალაქე აცხადებს, რომ ფინანსური პრობლემები აქვთ.
„კონტაქტზე ვართ ჩვენს სამ მოქალაქესთან, რომლებსაც, როგორც თავად აცხადებენ, ფინანსური პრობლემები აქვთ. ცხადია, საელჩოს შესაბამისი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, რომ კონკრეტულად მათთვის გამოყოს თანხა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ კონტაქტზე ვართ შესაბამის უწყებებთან საქართველოში და ვეცდებით, მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ ადამიანებს“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.
ამასთან, მისი თქმით, ჩინეთში ფრენები ამ დროისთვის ძალიან დიდი პრობლემაა, რადგან სულ რამდენიმე ავიაკომპანია ასრულებს რეისებს და ბილეთის ფასები საკმაოდ მაღალია.
„არ გამოვრიცხავ, მომავალშიც იყოს შემთხვევები მოქალაქეების ფინანსური პრობლემის თვალსაზრისით და საქართველოში დაბრუნების მხრივ, რადგან ბევრი ფრენა გადაიდო და სულ რამდენიმე ავიაკომპანია დაფრინავს დღეს“, – განაცხადა ელჩმა.
ელჩი იმედოვნებს, რომ აღნიშნული საკითხი უახლოეს პერიოდში პოზიტიურად გადაიჭრება, რადგან არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, რამდენიმე დღეში ის ფრენებიც აღარ იყოს, რომელიც ამჟამად სრულდება.
„გარდა ამისა, ვრჩებით კონტაქტზე ჩვენს სხვა მოქალაქეებთან. განსაკუთრებით მათთან, ვინც უხანში არიან. საბედნიეროდ, ყველა მათგანის მდგომარეობა ნორმალურია“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.