არჩილ კაიკაციშვილი - მოსამართლე ვაჩაძის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებას
არჩილ კაიკაციშვილი - მოსამართლე ვაჩაძის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებას

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, ქონებაჩამორთმეული რამაზ ახვლედიანის ადვოკატი არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ლისის ტბის წართმევის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას შოკისმომგვრელს უწოდებს.

როგორც არჩილ კაიკაციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და გეგმავს, სიმართლის დასადგენად სტრასბურგს მიმართოს.

„ 2012 წლის პირველ ოქტომბრის შემდგომ, ეს არის უზენაესი სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ერთმნიშვნელოვნად მსჯელობს წინა ხელისუფლების პირობებში ბიზნესისთვის, მოქალაქეებისთვის, საქმიანი ადამიანებისთვის ქონებების დათმობის, წართმევის შემთხვევებზე და მთლიანად უარყოფს სისტემური დანაშაულებების არსებობას. მოსამართლე ვაჩაძის გადაწყვეტილება ძირს უთხრის ჩვენი საზოგადოების ისტორიულ მეხსიერებას და ამრუდებს სიმართლეს, რაც წინა ხელისუფლების არჩევნებში მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა. ეს გადაწყვეტილება ასუსტებს ხელისუფლებას, მარხავს სამართლიანობის აღდგენის იდეას, უუფლებოდ ტოვებს დაზარალებულ მოქალაქეს და სრულ გარანტიებს სთავაზობს მამუკა ხაზარაძეს, რომელიც 2018 წლის ნოემბერში თავად საუბრობდა ლისის ტბაზე, მაშინდელი ხელისუფლების ზეწოლაზე და მის მიმართ მიხეილ სააკაშვილის პასუხიც, ხელისუფლების ძალმომრეობაზე მეტყველებზე“, – აცხადებს კაიკაციშვილი.

ადვოკატის ცნობით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლე მაია ვაჩაძის თავმჯდომარეობით, ლისის ტბის წართმევის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულება კანონიერ ძალაში დატოვა. რამაზ ახვლედიანის მიერ ნების საწინააღმდეგოდ
დათმობილი 63,5 ჰა არასოსაფოლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული შენობა-ნაგებობები ბიზნესპარტნიორ მამუკა ხაზარაძის კომპანიის „ლისი ლეიქ დეველოპმენტის“ მფლობელობაში აღიარა.