არჩილ გორდულაძე - წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსი ქარდებს ამზადებდეს და საარჩევნო კამპანიაში ერეოდეს, ეს ყველაფერი აკრძალულია გაერო-ს წესდებით
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ გორდულაძის თქმით, სამწუხაროა, როცა უცხო ქვეყნის ელჩები აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რაც პირდაპირი ჩარევაა წინასაარჩევნო კამპანიაში.
როგორც გორდულაძემ აღნიშნა, წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსი ქარდებს ამზადებდეს და ამით საარჩევნო კამპანიაში ერეოდეს.
„როგორც ჩანს, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ საარჩევნო ბარიერს მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ ლახავს და უნდათ, სხვებმაც გადალახონ. ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ წისქვილზე წყალი დაასხან. არ გამოსდით, მაგრამ ამის მცდელობა აქვთ. მარაზმში გადავედით, ქარდების ომი წამოიწყეს. წარმოუდგენელია, რომელიმე ქვეყანაში დიპლომატიური კორპუსი ქარდებს ამზადებდეს და ამით საარჩევნო კამპანიაში ერეოდეს. ეს ყველაფერი აკრძალულია გაერო-ს წესდებით. საკუთარ თავს არავინ უნდა მისცეს უფლება, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს. ცივილიზებული სამყარო რუსეთს სწორედ ამას ედავება და ისე არ უნდა მოხდეს, რომ იგივე ქმედებები გაიმეოროს“, – განუცხადა არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველ არხს.