არჩილ გაჩეჩილაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა, რაც ძალიან კარგი იქნება მომხმარებლებისა და ბიზნესმენებისთვის
არჩილ გაჩეჩილაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა, რაც ძალიან კარგი იქნება მომხმარებლებისა და ბიზნესმენებისთვის

მოლოდინი გვაქვს, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა. მთავარი კითხვაა, რამდენად სწრაფად მოხდება ეს, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დადებითი მოვლენაა სამომხმარებლო სესხების ვადის სამიდან ოთხ წლამდე გაზრდაც.

„ვინაიდან დღეისათვის საქართველოში ინფლაციური წნეხი მოხსნილია, გვგონია, რომ რეფინანსირების განაკვეთი შემცირებისკენ წავა, რაც ძალიან კარგი იქნება ქართველი მომხმარებლებისა და ბიზნესმენებისთვის. ასევე, სამომხმარებლო სესხების ვადის სამიდან ოთხ წლამდე გაზრდა არის დადებითი მოვლენა და ბევრი მომხმარებელი შეძლებს, მეტ კრედიტთან ჰქონდეს წვდომა, რაც ეკონომიკისთვისაც კარგია.

რაც შეეხება არაჰეჯირებული სესხების ნაწილში შეზღუდვის მოხსნას, ვფიქრობ, წარსულში არასწორი შეზღუდვა იყო, ვინაიდან ჩვენ გვყავს ემიგრანტები, რომლებიც აგზავნიან აქ თანხას და ცხოვრობენ ევროპაში. რა თქმა უნდა, მათ სურთ ბინის შეძენა და უნდა შეეძლოთ კრედიტის ევროში აღება, რადგან სესხის ლარში აღებას, შესაძლოა, სხვადასხვა რისკი ახლდეს, როდესაც შემოსავალი და გადასახდელი თანხა სხვადასხვა ვალუტაშია. რაც შეეხება 300 000 ლარამდე სავალუტო სესხის ლიმიტის აწევას, ეს დამატებითი შეზღუდვაა, რაც მომხმარებლისთვის კარგი ვერ იქნება, თუმცა, მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, აბსოლუტურად გასაგები ცვლილებაა“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.