არჩილ გაჩეჩილაძე - ინვესტიციების ზრდა ხელშესახებია, რასაც ბოლო ორი წელიწადია, ინტენსიურად ვხედავთ, მგონი, ეს ზვავის ეფექტივით იქნება, ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე
არჩილ გაჩეჩილაძე - ინვესტიციების ზრდა ხელშესახებია, რასაც ბოლო ორი წელიწადია, ინტენსიურად ვხედავთ, მგონი, ეს ზვავის ეფექტივით იქნება, ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს მესამე

ინვესტიციების ზრდა ხელშესახებია, რასაც ბოლო ორი წელიწადია, ინტენსიურად ვხედავთ. მგონი, ეს ზვავის ეფექტივით იქნება, რადგან ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე. ეს იძლევა შესაძლებლობას არა მარტო მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ საშუალო ბიზნესისთვისაც, – ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელ პანელზე მსხვილი ბიზნესისა და ინვესტორების მიერ ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ბიზნესგარემოში.

„დღევანდელ პანელზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ძალიან მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაცია. ასეთი ტიპის პანელზე ასეთი მსხვილი ორგანიზაციები დადებითად აფასებენ საქართველოს ეკონომიკას და პერსპექტივას. აქამდე ეს არ მახსენდება და თავისთავად ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება პრიორიტეტებს, თუ რა აინტერესებთ დიდ ინვესტორებს საქართველოში, ყველასთვის ძალიან საინტერესოა ის განვითარება, რაც ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხდება საქართველოში. განსაკუთრებით, შუა დერეფნის თემები და მასთან ასოცირებული არა მარტო საგზაო, სარკინიგზო, საპორტო მიმოსვლის ნაწილი, არამედ ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც ინფრასტრუქტურული ნაწილია, ასევე ტელეკომის ნაწილში ოპტიკურ-ბოჭკოვანი მიერთებები დანარჩენ სამყაროსთან. ასე რომ, ამ კუთხით ძალიან ბევრი კარგი რაღაც ხდება და შემდეგ ეს სხვა ბიზნესებისთვის ძალიან ბევრ შესაძლებლობას ქმნის, მათ შორის, ლოგისტიკური ცენტრების კუთხით და სხვადასხვა მიმართულებით.

ხელშესახები არის ინვესტიციების ზრდა, რასაც ბოლო ორი წელიწადია, ინტენსიურად ვხედავთ. მგონი, ეს ზვავის ეფექტივით იქნება, რადგან ერთს მეორე მოჰყვება, მეორეს – მესამე და ასე შემდეგ. ეს იძლევა შესაძლებლობას არა მარტო მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ საშუალო ბიზნესისთვისაც, ვინაიდან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების გარშემო ხდება ახალი შესაძლებლობების შექმნა.

გაციფრულებისა და ციფრული სამთავრობო სერვისების კუთხით მიმდინარეობს მუშაობა და ძალიან მოხარული ვიქნებით, რომ დიდი და გაბედული ნაბიჯები გადაიდგას. ვინაიდან იყვნენ მსხვილი ინვესტორები, საკმაოდ საინტერესო აქცენტები გაკეთდა. ერთი მხრივ, საუბარია ლარის სტაბილურობაზე. ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანესია, ესმოდეთ, როგორ ხდება ლარის კურსის მართვა, ყოველ შემთხვევაში, რას უნდა ელოდნენ ამ კუთხით. ბოლო წლებია, სტაბილურობაა და ამ კუთხით ნამდვილად კარგი ტენდენციებია.

რაც შეეხება სხვა აქცენტებს, მსხვილი ბიზნესისა და ინვესტორების მიერ ასევე ხაზი გაესვა, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა ბიზნესგარემოში. რა თქმა უნდა, ხშირ-ხშირი ცვლილებები ბიზნესს არ მოსწონს. ნებისმიერ გარემოს შეიძლება ბიზნესი აეწყოს, ნებისმიერ თამაშის წესებს, მთავარია, ზუსტად ესმოდეს, რა არის თამაშის წესები და თამაშის წესები იყოს გამჭვირვალე, გასაგები.

ისტორიულად, ჩვენს რეგიონს ყოველთვის ჰქონდა გამოწვევები, მაგრამ ამ გამოწვევების გარდა, არსებობს შესაძლებლობები, რომლებსაც ჩვენი რეგიონი იძლევა. განსაკუთრებით დღევანდელ გარემოში, სადაც, გეოპოლიტიკური ცვლილებებიდან გამომდინარე, შუა დერეფნის გავლენა და მნიშვნელობა დიდად არის გაზრდილი და ეს შესაძლებლობები სწორად უნდა გამოვიყენოთ. მგონი, ამის ნაწილიც და შედეგიც არის ამ მიმართულებით გაზრდილი ინვესტიციების მოცულობა“, – განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.