არჩილ ფრანგიშვილი - ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ რეფორმირებისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა
საქართველოს მთავრობის ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ ძალიან სერიოზული განაცხადია და განათლების სისტემის რეფორმირებისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობებს იძლევა, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, განათლების სფეროს დაფინანსების მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტამდე გაზრდა უპრეცედენტო შემთხვევაა.
„მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი ნიშნავს ახალ ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიური ტრანსფერების შესაძლებლობას, ახალი ლაბორატორიული ბაზების შექმნას, საცდელი მეურნეობების მოწყობას. ეს არის მთელი სპექტრი სერიოზული პროგრესის, რომელიც შეიძლება, ამხელა დაფინანსებას მოჰყვეს. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა, აბსოლუტურად მივესალმებით. სერიოზული რეფორმის განხორციელებისთვის რეალური შესაძლებლობა შეიქმნება“, – განაცხადა არჩილ ფრანგიშვილი.
ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ დღეს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში წარადგინა. ახალი კონცეფციის თანახმად, განათლების სფეროს დაფინანსება ყოველწიურად გაიზრდება, 2022 წლისთვის მაქსიმუმს მიაღწევს და მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტი იქნება.