არჩევნებში დამარცხების შემდეგ რიში სუნაკმა თანამდებობის დატოვების შესახებ ოფიციალურად განაცხადა
არჩევნებში დამარცხების შემდეგ რიში სუნაკი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობებსაც დატოვებს.
ცოტა ხნის წინ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მეთაურის რანგში მან ბოლო განცხადება გააკეთა.
რიში სუნაკმა ბოდიში მოუხადა ამომრჩევლებს, რომლებმაც „მკაფიო სიგნალი გაუგზავნეს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს“.
ამასთან, სუნაკმა თქვა, რომ კონსერვატიული პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს. „ჩემი შემცვლელის არჩევის შეთანხმების გაფორმების შემდეგ პარტიის ლიდერის თანამდებობას დავტოვებ“, – განაცხადა მან.
რიში სუნაკმა მომავალ პრემიერ-მინისტრზეც ისაუბრა და კირ სტარმერი „წესრიგის მოყვარულ ადამიანად დაახასიათა“. „როგორიც არ უნდა იყოს ჩვენი განსხვავებები, ის ღირსეული ადამიანია, რომელსაც პატივს ვცემ“, – თქვა სუნაკმა.
მან მადლობა გადაუხადა გუნდისა და ოჯახის წევრებს. „მე ვერასოდეს ვიტყვი შესაფერის მადლობას იმ მსხვერპლისთვის, რაც მათ გაიღეს, რომ მე შემძლებოდა ქვეყნის სამსახური“, – აღნიშნა სუნაკმა.
სიტყვით გამოსვლის ბოლოს რიში სუნაკმა დასძინა, რომ ბრიტანეთი მსოფლიოში საუკეთესო ქვეყანაა და ბუკინგემის სასახლისკენ გაემართა.