არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი, რომელიც 4 მარტს უნდა დაწყებულიყო, გადაიდო
არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი, რომელიც 4 მარტს უნდა დაწყებულიყო, გადაიდო

ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით, არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სასამართლო პროცესი გადაიდო, ვიდრე განიხილება მისი აპელაცია. პროცესი 4 მარტს უნდა დაწყებულიყო, თუმცა მოსამართლე ტანია ჩუტკანის განცხადებით, ის განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

საქმე ეხება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის მიერ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის ბრალდებას. საქმის განხილვა, შესაძლოა, რამდენიმე თვით გადაიდოს.

დაცვის მხარის პოზიციით, დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის ბრალდება არ უნდა წარედგინოს, რადგან ის პრეზიდენტის იმუნიტეტს ფლობდა. ამჟამად ფედერალური სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამათლისგან შემდგარი კოლეგია განიხილავს ტრამპის ადვოკატების არგუმენტს. კოლეგიამ გადაწყვეტილება, შესაძლოა, უკვე მომავალ კვირაში მიიღოს.

როგორც მოსალოდნელია, აღნიშნული საქმე უზენაეს სასამართლომდე მივა, რომლის ცხრა წევრი მოსამართლიდან ექვსი კონსერვატორია.

დონალდ ტრამპი მის წინააღმდეგ წაყენებულ არცერთ ბრალდებას არ აღიარებს და იუსტიციის დეპარტამენტსა და ბაიდენის ადმინისტრაციას პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.

დონალდ ტრამპს სისხლის სამართლის კიდევ კიდევ სამ საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული.