არჩევნების დროს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობაზე ცესკო-ს თავმჯდომარესთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორთან ერთად იმსჯელეს
საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის რეკომენდაციების შემუშავების მიზნით შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანი 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების განხილვა და პრაქტიკაზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავებაა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის თქმით, დისკუსიის მიზანი პერსონალური მონაცემების დაცვაა.
“შეხვედრაზე ვისაუბრეთ არჩევნების პროცესში პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. გასულ წელს საკმაოდ აქტუალური იყო უშუალოდ არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებზე პერსონალური მონაცემების დამუშავების საკითხი, მაგრამ ბუნებრივია არის საკითხები, რომელიც უკავშირდება როგორც წინასაარჩევნო პერიოდში მოქალაქეთა მონაცემების დამუშავებას, აგრეთვე მათთვის სარეკლამო თუ სხვა სახის შეთავაზებების გაგზავნას. პირველ რიგში, ეს შეხვედრა მიზნად ისახავს დისკუსიას იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება, უკეთ უზრუნველვყოთ, ერთი მხრივ, საარჩევნო პროცესის გამჭირვალობა და მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობა“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, ცესკო-ს პარლამენტში წარდგენილი აქვს ინიციატივა, რომელიც სამაგიდო სიებს უკავშირდება.
„გასულ არჩევნებზე პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით იყო გარკვეული პრეტენზიები, რომელშიც იგულისხმებოდა ძირითადად სამაგიდო სიებთან დაკავშირებულ მონაცემებზე წვდომა-დამუშავების საკითხი. ამ შემთხვევაში, საკანონმდებლო ჩარჩო არ იძლეოდა მკაფიო განმარტებას, დღესდღესობით ცესკო-ს მომზადებული აქვს საკანონმდებლო წინადადება, რომ აიკრძალოს პერსონალური მონაცემების, კონკრეტულად სამაგიდო სიებთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების როგორც ფოტო-ვიდეო გადაღება, ასევე დამუშავება“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.
შეხვედრას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენელი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაესწრო.