თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის და ტრეფიკინგის საქმეზე ბრალდებულ პოლ ლეხმანს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.
საქმეზე მსჯელობა დახურულ რეჟიმში გაიმართა, თუმცა გადაწყვეტილების გამოცხადებისას მოსამართლემ პროცესი გახსნა.
ავსტრალიის მოქალაქის, პოლ ლეხმანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 13 ნოემბერს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.