არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული - დანაშაული არ ჩამიდენია, არ ვიცი, როგორ შევიდნენ ობიექტზე, დემონტაჟის ნებართვა არ მიმიცია
მე საერთოდ არ ვარ დამნაშავე, – ამის შესახებ არასრულწლოვანი მუშის დაღუპვის საქმეზე დაკავებული სამშენებლო კომპანიის დირექტორმა, შიშუ პალ ბურდაკმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
როგორც ბრალდებულმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, რადგან მას არავითარი შეთანხმება სამუშაოების წარმოებაზე არ ჰქონია.
„არავითარი დანაშაული არ ჩამიდენია. არ ვიცი, როგორ შევიდნენ ისინი ობიექტზე. მე არავითარი ნებართვა არ მიმიცია დემონტაჟის და არც რაიმე თანხა გადამიხდია“, – განაცხადა შიშუ პალ ბურდაკმა.
პროკურატურამ დაკავებულის მიმართ პატიმრობის შუამდგომლობა დააყენა. ამასთან, ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის სახით 30 000 ლარის შეფარდებას ითხოვს.
სამშენებლო კომპანია „ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორს, შიშუ პალ ბურდაკს პროკურატურამ ბრალი სამთო სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით წარუდგინა. სწორედ ამ ობიექტზე დაიღუპა 2003 წელს დაბადებული არასრულწლოვანი 16 ივლისს, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, ლიფტის დემონტაჟის დროს ლიფტის შახტში ჩავარდა.
სამშენებლო კომპანია ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის” დირექტორი 19 ივლისს დააკავეს.