არასამთავრობოები - საგამოძიებო ორგანოები გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც კავშირი აქვთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის ბრალის წარდგენას განცხადებით ეხმაურებიან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან.
„ვეხმაურებით საქართველოს პროკურატურის მიერ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასთვის, ბრალის წარდგენის შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
ამ ეტაპზე, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საქმის სრული შეფასების საშუალებას არ იძლევა, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში განვითარებული მოვლენებიდან ჩანს, რომ საგამოძიებო ორგანოები განსაკუთრებულად გააქტიურდნენ ხელისუფლების ოპონენტებისა და იმ პირების მიმართ, რომლებსაც პირდაპირი ან ირიბი კავშირი აქვთ კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე მედიასთან. სამართალდამაცავების ქმედებები, როგორც წესი, ხელისუფლების აგრესიულ რიტორიკას ემთხვევა.
ცხადია, რომ პროკურატურა დაჩქარებულად და უკიდურესად შემჭიდროებულ ვადებში მოქმედებს ნიკა გვარამიას წინააღმდეგ და მას ბრალი წინა თვეში შეტანილი განცხადების საფუძველზე უკვე წარედგინა მაშინ, როდესაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ბევრი საქმე, რომელთა დაკავშირებითაც გამოძიების მსგავსი ოპერატიულობა არ შეიმჩნევა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ პროკურატურის გააქტიურება ნიკა გვარამიას ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ გაკეთებულ განცხადებას ემთხვევა.
აღნიშნული გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ ეს საქმე შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დევნას ისახავდეს.
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, წარმოადგინოს კონკრეტული წონადი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, იმოქმედოს კანონის და არა მმართველი პარტიის ინტერესების შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები არიან:„ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“; „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“; „საფარი“; „საზოგადოება და ბანკები“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“; „საქართველოს ატლანტიკური საბჭო“; „კვლევითი ჟურნალისტიკისა და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი“; „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“; „ღია საზოგადოების ფონდი“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“; „საქართველოს გაერო-ს ასოციაცია“; „მედიის განვითარების ფონდი“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“.
„რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა, როგორც პროკურატურაში განაცხადეს, ნიკა გვარამიას მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 510 ლარი, რითაც დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
„ამ ეტაპზე დადგენილია, რომ კომპანიამ 2016 წლის დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით (შპს „ინტერ მედია პლიუსს“ ამ ხელშეკრულების გაფორმებისას წარმოადგენდა „რუსთავი 2“-ის იურისტი დიმიტრი საძაგლიშვილი) საკუთრებაში მიიღო ქ.თბილისში, ვაკის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში მდებარე 565 226 ლარის ღირებულების ორი საცხოვრებელი ბინა, საერთო ფართით, 240 კვ.მ. 2017 წლის მარტში ორივე ბინა საკუთრებაში გადაეცა „რუსთავის 2“-ის იმდროინდელ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, რომელმაც იმავე წლის ივლისში და სექტემბერში საცხოვრებელი ბინების რეალიზაცია მოახდინა – საერთო ჯამში 602 521 ლარად“, – აცხადებენ პროკურატურაში.