არასამთავრობო სექტორის ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს ელოდება
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს ელოდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან ნატროშვილმა ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები კომისიის წევრებს დღეს პარლამენტში შეხვდნენ და საკონსტიტუციო პროცესის, მათ შორის ახალი ცვლილებების შესახებ მოსაზრებები გაუზიარეს.
როგორც ნატროშვილმა განმარტა, ცვლილებების მიუხედავად, კონსტიტუციის ახალ რედაქციაში კვლავინდებურად რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, მათ შორის პროპორციული სისტემის მხოლოდ 2024 წლიდან ამოქმედების საკითხი.
საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი ტალღა, რომელიც პარლამენტს ორი მოსმენით უკვე მიღებული აქვს, მათ შორის ბონუს სისტემის გაუქმებას და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვებას ითვალისწინებს.
„საბოლოო ჯამში რადგან გამოვიდა, რომ მთლიანი ტექსტის ინიცირება ცვლილებების სახით „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა, საქართველოს პრეზიდენტს ეძლევა საშუალება, რომ კონსტიტუციას ნებისმიერ საკითხზე ვეტო დაადოს. აქედან გამომდინარე ვეტოს დადების პროცედურა არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ, რომ მესამე მოსმენით არსებითი საკითხები ვერ შეიცვლება, მაგრამ ვეტოს პროცედურა თუ დაიწყება, კვლავ შეიძლება ნებისმიერი საკითხი პარლამენტში სამსჯელო გახდეს”, – განაცხადა ლევან ნატროშვილმა.