„არარატ-არმენია“-„საბურთალო“ - ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი
„არარატ-არმენია“-„საბურთალო“ - ევროპალიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დღეს „საბურთალო“ ერევანში „არარატ-არმენიას“ შეხვდება. მატჩი ერევნის რესპუბლიკურ სტადიონზე თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

„არარატ-არმენიას“ ერევნის „არარატთან“ მხოლოდ სახელი აკავშირებს. სინამდვილეში ის მოსკოვის სომხური ახალგაზრდობის ასოციაციის მიერ 2017 წელს დაარსებული კლუბია და თავიდან „არარატ-მასკვა“ ერქვა. 2017-2018 წლების სეზონზე გუნდმა რუსეთის მე-2 დივიზიონში ითამაშა, ფეხბურთელთა უმრავლესობა სომეხი და რუსი იყო, მაგრამ კლუბს ქართველი ირაკლი კვეკვესკირი კაპიტნობდა – საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და ლანჩხუთის „გურიის“ ყოფილი ნახევარმცველი.

„არარატ-მასკვა“ 2018 წლის მაისში რუსეთის რანგით მეორე ლიგაში გადავიდა, მაგრამ მისმა მეპატრონემ – ბიზნესმენმა სამველ კარაპეტიანმა, რომელიც რუსეთში საქმიანობს, გუნდი სომხეთის ჩემპიონატში გადააპორტირა და „არარატ-არმენია“ დაარქვა. ძლიერი ფინანსური მხარდაჭერის ხარჯზე, კლუბმა სომხეთის ჩემპიონობა სადებიუტო სეზონშივე მოიპოვა.

ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „არარატ-არმენია“ სტოკჰოლმის „აიკთან“ დამარცხდა (2:1, 1:3), ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი გიბრალტარის „ლინკოლნს“ 4:1 (2:0, 2:1) მოუგო. გუნდში სომხეთის ეროვნული ნაკრებისა და სხვა ქვეყნების ნაკრებების წევრები ირიცხებიან: ალეკსანდარ დამჩევსკი (ჩრდილოეთ მაკედონია), როჩდი აჩენტე (მაროკო), ალექს ჯუნიორ კრისტიანი (ჰაიტი), ილია ანტონოვი (ესტონეთი), მაილსონ ლიმა დუარტე ლოპესი (კაპო-ვერდე) და ზაქარია სანოგო (ბურკინა-ფასო, ერთი მატჩი). ასევე, ჰყავთ ჰოლანდიის ჩემპიონატში ნათამაშები 31 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი ფურელ ნარსინგი. გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარდან მინასიანია – 45 წლის სპეციალისტი, რომელსაც სომხეთის ნაკრებში უმუშავია.

საქართველოს ჩემპიონი „საბურთალო“ ერევანშია და დედაქალაქის რესპუბლიკურ სტადიონზე მატჩის წინა დღეს ივარჯიშა.

მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ჭიაბრიშვილმა გუნდი ერევანში შემდეგი შემადგენლობით წაიყვანა:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი.

მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა.

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, გეგა დიასამიძე, ლევან ყენია.

თავდამსხმელები: გიორგი კოხრეიძე, გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი.

გუნდს ტრავმირებული ბრაზილიელი ვაგნერ გონსალვესი ვერ დაეხმარება. სავიზო პრობლემების გამო, ერევანში ვერც ელვინ ტერა ჩადიოდა, მაგრამ კენიის ოლიმპიური (23-წლამდელთა) ნაკრების 22 წლის ნახევარმცველს ერევანში დღეს ელოდებიან.

სამწუხაროდ, „არარატ არმენიასა“ და „საბურთალოს“ მატჩის ტრანსლირებაზე უარი სომხურმა მხარემ განაცხადა. სომხურმა გამოცემა ArmFootball.com-მა დაადასტურა, რომ ერევანმა მატჩის ჩვენებაზე უარი თქვა, მაგრამ გამოცემას მიზეზი არ დაუკონკრეტებია.

„საბურთალოსა“ და „არარატ-არმენიას“ პირველი შეხვედრა 6 აგვისტოს ერევანში გაიმართება, ხოლო განმეორებით დაპირისპირებას 13 აგვისტოს თბილისის „მიხეილ მესხი არენა“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ 5 აგვისტოს გაიმართა ევროპალიგის პლეიოფის კენჭისყრა, რომლის შედეგებმაც „საბურთალოს“ ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის ისტორიული შანსი მისცა. საქართველოსა და სომხეთის ჩემპიონებს შორის გამარჯვებულის მეტოქე ლუქსემბურგის „დუდელანჟსა“ და ესტონურ „კალიუს“ შორის გამარჯვებული იქნება.