ევროპალიგაზე ქართველებიდან მხოლოდ მარადიშვილმა ითამაშა #1TVSPORT
ევროპალიგაზე ქართველებიდან მხოლოდ მარადიშვილმა ითამაშა #1TVSPORT

ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრებში ქართველების გუნდებიც მონაწილეობდნენ. მაგრამ ბევრი მათგანი ტრავმებმა, ნაწილიც მწვრთნელმა თამაშგარედ დატოვა.

A ჯგუფში პრაღის „სლავიამ“ სახლში ფრანგული „ლიონი“ მიიღო და უხვგოლიან შეხვედრაში 2:0 დაწინაურდა, მაგრამ საბოლოოდ 3:4 დამარცხდა. ჩეხური კლუბის სარეზერვო გუნდშია საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ივა გელაშვილი, რომელსაც ზოგჯერ ძირითადი გუნდის განაცხადში ხვდება, მაგრამ ამჯერად ის გუნდში არ ყოფილა.

B ჯგუფში ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმმა“ ესპანური „რეალ სოსიედადი“ მიიღო და შვედეთის ნაკრების თავდამსხმელის, ალეკსანდერ ისაკის მიერ 69-ე წუთზე გატანილი გოლით 0:1 წააგო. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ტრავმირებულია და თამაშს სეზონის ბოლომდე ვერ შეძლებს. სამი ტურის შემდეგ, B ჯგუფში „შტურმი“ 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

E ჯგუფში მოსკოვის „ლოკომოტივმა“ „გალათასარაი“ მიიღო და 0:1 დამარცხდა. კონსტანტინე მარადიშვილი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. „ლოკომოტივმა“ სამ მატჩში მხოლოდ ქულა მოიპოვა და მე-4 პოზიციაზეა.

J ჯგუფში უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“ გლაზგოში „სელტიკს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა. ლაშა დვალი და გიორგი ხარაიშვილი განაცხადში არ იყვნენ. ქართველების გუნდის ჯგუფში ასევე გამოდიან „ბეტისი“ და „ლევერკუზენი“ და უძლიერეს ჯგუფში მოხვედრილი „ფერენცვაროში“ ჯერაც უქულოდ ბოლო პოზიციაზეა.